გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის განცხადებით, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება, მხოლოდ მსოფლიო ლიდერებს შეუძლიათ და ყველა ძალა უნდა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ კლიმატის ქაოსი თავიდან იქნეს აცილებული.
გუტიერეშის თქმით, მოქმედებისთვის ლიდერობა, თანამშრომლობა და პოლიტიკური ნებაა საჭირო.
"პოლარული მყინვარები ქრება ჩვენს თვალწინ. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი სიმპტომია იმ დაავადებისა, რომელიც ჩვენს კლიმატს მუხლებზე აყენებს. ეს ავადმყოფობა მხოლოდ თქვენ, მსოფლიო ლიდერებს შეგიძლიათ განკურნოთ. დედამიწის სასიცოცხლო ნიშნები იშლება. რეკორდული გამონაბოლქვი, მასშტაბური ხანძარი, სასიკვდილო გვალვები და ყველაზე ცხელი წელი, მაგრამ ჯერ არ არის გვიანი. ჩვენ გვაქვს ტექნოლოგიები, რათა თავიდან ავიცილოთ ყველაზე უარესი კლიმატის ქაოსი, თუ ახლავე ვიმოქმედებთ. ჩვენ გვჭირდება ლიდერობა, თანამშრომლობა და პოლიტიკური ნება მოქმედებისთვის და ეს გვჭირდება ახლა. მართალია, ჩვენი სამყარო უთანასწორო და გაყოფილია. როგორც ვხედავთ ამ რეგიონში, კონფლიქტები უზარმაზარ ტანჯვასა და მძაფრ ემოციებს იწვევს. ახლახან გვქონდა ინფორმაცია, რომ ბომბების ხმა ისევ ისმის ღაზაში. თუმცა, კლიმატის დაცვა ჩვენი ლიდერობის უდიდესი გამოცდაა მსოფლიოში. კაცობრიობის რწმენა ბალანსზე კიდია. მხედველობაში იქონიეთ ეს შეხვედრა და აქციეთ ის კაცობრიობის მომავლის ახალ იმედად", - განაცხადა ანტონიო გუტიერეშმა.
კლიმატის ცვლილებებზე გაერთიანებული სამეფოს მეფემ ჩარლზ III ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2050 წელს, შვილიშვილები იკითხავენ არა იმას თუ რა ითქვა, არამედ იმას თუ რა გაკეთდა.
"მსოფლიოს იმედი ეყრდნობა გადაწყვეტილებებს, რომლებიც თქვენ უნდა მიიღოთ. თქვენს ხელშია შესაძლებლობა, ჩვენი საერთო იმედის გასაცოცხლებლად. მე შემიძლია მხოლოდ მოგიწოდოთ, შეხვდეთ მას ამბიციით, ფანტაზიით და ჭეშმარიტი განცდით იმ საგანგებო სიტუაციის, რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, და იმ პრაქტიკული ქმედებების ერთგულებით, რომელზედაც დამოკიდებულია ჩვენი საერთო მომავალი. ქალბატონებო და ბატონებო, 2050 წელს ჩვენი შვილიშვილები იკითხავენ არა იმას თუ რა ვთქვით არამედ იმას თუ რა გავაკეთეთ. ასე რომ, თუ ჩვენ ერთად ვიმოქმედებთ ჩვენი ძვირფასი პლანეტის დასაცავად. ბუნებასთან ჰარმონია უნდა შენარჩუნდეს. დედამიწა ჩვენ არ გვეკუთვნის - ჩვენ ვეკუთვნით დედამიწას", - აცხადებს ჩარლზ III.