16 ნოემბერი 2024,   01:24
ვრცლად
არაფერი დაჰკლებია "ქართულ ოცნებას" იმით, რომ სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობდა ოპოზიცია - რომან გოცირიძე

საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინშია - მანამდე კი, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები კეთდება. ვის როგორ ესმის ქვეყანაში დეპოლარიზაციის დასრულება და ევროკავშირის დათქმების შესრულება, ოპოზიციაში განსხვავებული მოსაზრებებია.

"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი ევროკავშირის დათქმების შესრულებას, "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში სრულიად შეუძლებლად მიიჩნევს.

რაც შეეხება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარეს, რომან გოცირიძის შეფასებით, ოპოზიციას არაფერი მოუგია, როდესაც ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების დროს საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

"ჯგუფებში არ მონაწილეობით ოპოზიციას არაფერი არ მოუგია, გარდა იმისა, რომ მუდამ თავდასხმის ობიექტი იყო და მუდამ მოუწოდებდა ევროკავშირი, რომ სამუშაო ჯგუფებში ჩართულიყო ოპოზიცია. არაფერი არ დაჰკლებია "ქართულ ოცნებას" იმით, რომ სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობდა ოპოზიცია. ასე რომ ოპოზიციის ქცევის ლოგიკა უნდა იყოს გამოიყენოს ყველა ბერკეტი - კომიტეტი იქნება ეს, კომისია, ქუჩა თუ საერთაშორისო ზეწოლა. თუ პრობლემა "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობაა, ეს სისულელეა," - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

იაგო ხვიჩიას შეფასებით კი, "გირჩში" სტატუსთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინი არსებობს. რაც შეეხება სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას, მისივე თქმით, "გირჩი" ყველა შეხვედრაში მონაწილეობს, რაც პარლამენტში იმართება.

ცნობისთვის, ევროკავშირის "გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნის" პროექტს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 12 დეკემბერს განიხილავენ. 14-15 დეკემბერს კი საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, პროექტში გადაწყვეტილების ნაწილი ჯერ ღიაა. წინასწარ დოკუმენტში, საქართველოს შემთხვევაში საბჭო განსაკუთრებით გამოყოფს და მიესალმება მთლიანობაში კარგ საკანონმდებლო ჩარჩოს, ინსტიტუციურ მოწყობას, აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას, სამეთვალყურეო ორგანიზაციების ჩათვლით. "დოკუმენტში ევროპული საბჭო ყველა ქართულ პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს გამოავლინოს კონსტრუქციული თანამშრომლობა და დიალოგი, გადალახოს პოლარიზაცია და "თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, უფრო გააღრმაოს პოლიტიკური დაძაბულობა და შეაფერხოს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები და რეფორმების დღის წესრიგი," - წერს "რადიო თავისუფლება."

დღის ამბები