03 ნოემბერი 2026,   16:39
ვრცლად
"დიფ სთეითის" დაკვეთით, ეს მედიასაშუალებები ბერა ივანიშვილის და მისი ოჯახის სახელის შესალახად მუშაობდნენ, თუმცა საქართველო სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაა და საჭიროა, ყველამ აგოს სამართლებრივი პასუხი - ირაკლი კირცხალია ბერა ივანიშვილის სარჩელზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა "TV პირველის" და "ფორმულას" წინააღმდეგ შეტანილი ცილისწამების სარჩელი შეაფასა, რომელიც ბერა ივანიშვილის ადვოკატმა დღეს სასამართლოში შეიტანა.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, წლების განმავლობაში, "დიფ სთეითის" და ადგილობრივი აგენტურის დაკვეთით, ეს მედიასაშუალებები ბერა ივანიშვილის და მისი ოჯახის სახელის შესალახად მუშაობდნენ, თუმცა საქართველო სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაა და საჭიროა, ყველამ აგოს სამართლებრივი პასუხი ცილისწამებაზე.

"ორი მედიასაშუალება, რომელიც თქვენ ახსენეთ, მე სახელობითად ტექსტში არ მიხსენებია, მაგრამ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომელ მედიასაშუალებებზე მქონდა საუბარი... ეს მედიასაშუალებები გვეტყვიან, რომ აქ მედია იზღუდება და იქნება ასეთი, "დიფ სთეითის" მიერ დაკვეთილი უაზრო კვლევები და იარლიყების მიწებება, რაც მე ასევე ვახსენე ბრიფინგის დროს, რა თქმა უნდა, როდესაც საქმე ეხება ცილისწამებას, ჩვენ სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაში ვცხოვრობთ და აუცილებელია ამ უტიფრობაზე, ამ ცილისწამებაზე სამართლებრივი პასუხი აგოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ცილი დასწამა. ზოგადად, რაც შეეხება ბერა ივანიშვილს და ივანიშვილების ოჯახს, ბატონი ბიძინას ოჯახს, არაერთხელ მითქვამს და განვმეორდები, ეს არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ყველა "დიფ სთეითის" არაფორმალური მმართველობა და ეს აგენტურა ჩვენს ქვეყანაში და ამ აგენტურის მიერ მართული სხვადასხვა მედიასაშუალება თუ მედიაპლატფორმა მუშაობს და წლების მანძილზე მუშაობდნენ, რომ ჩვენს ქვეყანაში შელახონ ავტორიტეტები, ავტორიტეტები, რომლებსაც არა მხოლოდ პოლიტიკური ავტორიტეტი აქვთ, არამედ უდიდესი ავტორიტეტი აქვთ საზოგადოებაში და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ეს არის ივანიშვილების ოჯახი. არ უნდა გაგვიკვირდეს და საზოგადოებას არ უკვირს თვიდან თვემდე თუ წლიდან წლამდე, როგორც ქვეყნის გარედან, ასევე ქვეყნის შიგნიდან, ამ გვარზე და ამ ოჯახზე თავდასხმები. მაგრამ, აუცილებლად, ყველა ამ ბინძურ, უტიფარ ცილისწამებას უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი. ასე რომ, დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ბერა ივანიშვილის ადვოკატმა დავით ასათიანმა საქალაქო სასამართლოში ცილისმწამებლური ფაქტების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მოპასუხე მხარე ორი ტელეკომპანიაა - "TV პირველი" და "ფორმულა".

ადვოკატის განცხადებით, სარჩელი ეხება სიცრუეზე დაფუძნებული ფაქტების გავრცელებას, რომლებსაც არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს. მოსარჩელე მხარე ითხოვს ამ ინფორმაციის უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას.

ადვოკატის თქმით, ბოლო პერიოდში, ბერა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართულ კამპანია სინქრონულად მიმდინარეობს სხვადასხვა ტელევიზიის, პოლიტიკოსისა თუ საჯარო ფიგურების მხრიდან.

დღის ამბები