"აგენტურა ოპოზიციას დაირქმევს სახელად, არასამთავრობო ორგანიზაციას, თუ რომელიმე მედიასაშუალებას, ამას არავითარი აზრი არ აქვს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა.
ირაკლი კირცხალიას თქმით, მათმა ოპონენტებმა რაც არ უნდა ამტკიცონ, რომ ისინი სხვადასხვა ძალას წარმოადგენენ, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ყველა მათგანი ერთ პოლიტიკურ ძალას ემსახურება.
"აგენტურა არის აგენტურა. ვხედავთ იმ ხუთ ე.წ. ოპოზიციურ პარტიას, რომელიც სამართლდება საკონსტიტუციო სასამართლოში. სხვადასხვა განულებული ანასხლეტი საზოგადოებას ანახებს უნიჭო სცენარს.
სასამართლო დარბაზში დღეში ხუთჯერ ემიჯნებიან ერთმანეთს - ეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტად შეურაცხმყოფელ და ბინძურ ტექსტს გამოაქვეყნებს. საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, ემიჯნებიან თავის დედაპარტიას. არ უნდა დაავიწყდეთ, რომ შემდეგ პროცესზე გამოვა ბატონი ნიკა გვარამია და წამოცდენით იტყვის, რომ ისინი არიან ერთი ორგანიზმი.
რაც არ უნდა ამტკიცოს ჩამოთვლილმა სახელმა და გვარმა და სხვადასხვა დანაყოფმა, რომ არ არიან ამ რეჟიმის მეხოტბეები და ნაწილი, ეს არ გამოუვათ, რადგან საზოგადოება ამ ტყუილს აღარასდროს აღარ მიიღებს. საზოგადოებამ ეს დაამტკიცა, როგორც საპარლამენტო, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე - ბოლო არჩევნების დროს, უპრეცედენტო იყო ქვეყნის შიგნით ამ აგენტურის მოქმედება, ასევე უპრეცედენტო იყო ის ბულინგი და ზეწოლა, რომელიც ჩვენს ქვეყანაზე ხორციელდებოდა", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის, ოპოზიციის ალიანსის ახალ ლოგოზე "ნაციონალური მოძრაობის" ლოგო აღარ არის გამოსახული. მასზე მხოლოდ შემდეგი პარტიების სიმბოლიკებია: "ახალი", "სტრატეგია აღმაშენებელი", "დროა", ედპ, "თავისუფლების მოედანი", "ფედერალისტები", "გირჩი – მეტი თავისუფლება" და "ევროპული საქართველო".