პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბოლომდე, 9 რეკომენდაციის ყველა პუნქტი შესრულებული იქნება და შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, ევროკომისიაში განაცხადი გაიგზავნება.
ცაგარეიშვილის თქმით, ოპოზიციას შეუძლია ამ პროცესში ჩაერთოს ქვეყნის საკეთილდღეოდ ან ისევ გააგრძელოს შეთქმულების დასაგეგმად საზღვარგარეთ სიარული.
"9-ვე პუნქტზე აქტიური მუშაობა დაიწყება, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებების და ოპტიმისტურად მინდა ვიფიქრო, რომ მომავალი წლის ბოლოსკენ, ჩვენ ყველა პუნქტს შევასრულებთ და შემდეგი ეტაპისთვის წარვადგენთ განაცხადს ევროკომისიაში. რაც შეეხება ოპოზიციის თანამონაწილეობას, მათ აქვთ ორი გზა - ან ითანამშრომლონ ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ ხელისუფლებასთან ან იარონ კვიპროსსა და ლონდონში შეთქმულების დასაგეგმად, გადატრიალებების მოსაწყობად", - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.