22 დეკემბერი 2024,   10:06
ვრცლად
ცურვა ხელების გარეშე, ცეკვა სმენის გარეშე, დაკვრა მხედველობის გარეშე - დღეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა

ცურვა ხელების გარეშე, ცეკვა სმენის გარეშე, დაკვრა მხედველობის გარეშე, - ის რაც შეიძლება წარმოუდგენელი იყოს, რეალურად შესაძლებელია. დღეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა, თუმცა ჩვენი სიუჟეტის გმირი დაგარწმუნებთ, რომ ადამიანის შესაძლებლობა შეუზღუდავია. ირმა ზვერიაშვილი "რუსთავი2-ის" თანამშრომელია, მაგრამ მას კიდევ ბევრი სამსახური აქვს.

მანქანის მართვაც თავიდან ისწავლა, ისე როგორც ყველაფერი. თავიდან გაიარა, ეტლით მიწაზე მყარად დადგა.

"რუსთავი2-მდე" გზას ყოველ დღე დამოუკიდებლად გადის. გზას სამსახურამდე, სადაც 4 წლის წინ მივიდა. გასაუბრება გაიარა და თანამშრომლობაც შედგა. ბავშვური ოცნების ახალ შესაძლებლობად ქცეული კარიც აქ, ასე მარტივად გაიღო.

ბევრი კრიტიკული მომენტი ახსოვს, თუმცა ერთ დღეში შეცვლილი ცხოვრება მაინც ადვილად დალაგდა და ეტლთან დამეგობრდა.

6 ოპერაცია, რეაბილიტაცია, ხან აქ, ხანაც საზღვარგარეთ. უიმედო მდგომარეობა და შეგუება აზრთან, რომ არსებობს რაღაც უფრო ღირებული ვიდრე უბრალოდ სიარულია. ბორბლების მიწასთან შეხებამ მიიყვანა ჯერ ცეკვაზე, მერე სპორტზე. ცეკვა თერაპიაა, ეს იდეა თავიდანვე აიტაცა და ის ახლა ამით შეპყრობილია.

დიდი სპორტის დრო გვიან მოვიდა. ისევ ეტლით მივიდა გამარჯვებამდე მკლავჭიდში. იოლი არ ყოფილა, რუტინად ქცეულ ვარჯიშში ხშირად გათენებულა. ასე გამოიყენა უშრეტი ენერგია, შეზღუდული შეუზღუდავ შესაძლებლობად, განსხვავებულობა კი ჩვეულებრივებად აქცია.

ბევრჯერ დაეცა, ისწავლა, იშრომა, იოცნება, ისე რომ არასდროს დაუსვამს კითხვა რატომ მე? პირობას დებს, რომ ქართულ ჰიმნს ჯერ ევროპის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე აამღერებს.

ავტორი: ანი გენებაშვილი,

დღის ამბები