"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ვიზიტი ბუდაპეშტში გრძელდება. ირაკლი კობახიძე დღეს უნგრეთის მმართველი პარტიის პრეზიდენტს, ხვალ კი ვიცე-პრემიერს შეხვდება. სწორედ მისი მიწვევით იმყოფებიან უნგრეთში უმრავლესობის ლიდერი და საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.
შეხვედრების მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაცია, უნგრეთთან ორმხრივი ურთიერთობები და სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორ პარტიასთან თანამშრომლობის გაძლიერებაა.
დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები უნგრეთის პარლამენტსა და ევროპულ საქმეთა სამინისტროში.
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, საქართველოს უნგრეთის მხრიდან ლობირება სჭირდება, რათა დაარწმუნოს სხვა ქვეყნები, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
"ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი დელეგაციის ამ ქვეყანაში ჩამოსვლა, რადგან შევედით ბოლო ფაზაში, სულ მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ამ ნაწილში, მაგრამ ჩვენ არა მარტო მხარდაჭერა გვინდა, არამედ გჭირდება ლობირება, დაგვეხმაროს უნგრეთი სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, დაარწმუნოს ისინი, რომ მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.