04 მარტი 2024,   21:23
ვრცლად
მარნეულიდან პოლონეთში ჩასული საქართველოს სამი მოქალაქე გატაცების ბრალდებით დააკავეს - 33, 37 და 38 წლის მამაკაცები 19 წლის გოგოს გატაცებიდან ხუთ საათში დააკავეს

ქალის მოტაცების კავკასიური მეთოდები პოლონეთში. 19 წლის გოგოს,
გატაცების ადგილიდან 180 კილომეტრში მდებარე ქალაქში მიაგნეს. გოგოც და გამტაცებლებიც მარნეულიდან არიან. განგაში დედამ ატეხა, რის შემდეგაც პოლონეთის პოლიციამ დამნაშავეების მანქანის იდენტიფიცირება და მისი გადაადგილების მარშრუტის დადგენა შეძლო. 33, 37 და 38 წლის მამაკაცები 19 წლის გოგოს გატაცებიდან ხუთ საათში დააკავეს.

გოგონა, პოლონური მედიის ცნობით, შეშინებული იყო, თუმცა დაზიანებები და ძალადობის კვალი არ აღმოაჩნდა. საქართველოს სამ მოქალაქეს ბრალი ადამიანის გატაცებისთვის დაკავებიდან სამ დღეში წაუყენეს და 3 თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. 

ოჯახის შექმნის მიზნით, მარნეულიდან პოლონეთში ჩასული მამაკაცი, ორ მეგობართან ერთად საპატიმროში აღმოჩნდა. სოფელ საბირქენდში "კურიერს" უთხრეს, რომ 33 წლის გახრამან ნავრუზოვმა 19 წლის გოგოს მოტაცება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სიმა გუსეინოვა, საცხოვრებლად პოლონეთში გადავიდა. კაცმა მას მეგობრებთან ერთად საზღვარგარეთ ჩააკითხა და გაიტაცა.

დაქორწინების ძალადობრივი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. სასიძოსთან ერთად პოლონეთის პოლიციამ მისი თანამზრახველებიც დააკავა.

ერთ-ერთი დაკავებულის, ელგუჯა მამედოვის მამა ამბობს, რომ გოგოს დედა შვილის გათხოვების წინააღმდეგი არ ყოფილა და მოტაცების ინიციატორიც ის იყო. დაკავებულის მშობელი ამბობს, რომ მისი შვილი ცრუ დასმენის მსხვერპლი გახდა.

დაკავებულის მამის ნათქვამს ეწინააღმდეგება პოლონური გამოძიების ვერსია. პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ გატაცების შესახებ სამართალდამცველებს გოგონას დედამ აცნობა, ავტომობილის იდენტიფიცირების შემდეგ კი მოხერხდა ბრალდებულთა დაკავება და მოტაცებულის გათავისუფლება.

"კურიერი" დღეს სოფელ სადახლოში დაზარალებულის რეგისტრაციის მისამართზეც იმყოფებოდა. გოგოს ოჯახი კვლავ პოლონეთში რჩება. ადგილობრივები ამბობენ, რომ გუსინოვები საზღვარგარეთ სამუშაოდ იმყოფებიან.

საქართველოს დაკავებულ მოქალაქეებს პოლონეთის პროკურატურამ ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით წარუდგინა. მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

 

 

 

 

დღის ამბები