06 ოქტომბერი 2024,   16:47
ვრცლად
სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე, 24-საათიან რეჟიმში გრძელდება - "ცახალის" წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი 100-ზე მეტმა ტერორისტმა თქვა

ისრაელი შეტევის ტემპს არ აგდებს. "ცახალის" სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე, 24 საათიან რეჟიმში გრძელდება. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში, ტერორისტული ორგანიზაციის 450 ობიექტზე მიიტანეს იერიში. განადგურებულია "ჰამასის" სამეთაურო შტაბი, სადაზვერვო ინფრასტრუქტურა და იარაღის არაერთი საწყობი. "ცახალის" წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი 100-ზე მეტმა ტერორისტმა თქვა.

ღაზის პარალელურად, "ცახალმა" წერტილოვანი დარტყმები ლიბანში, "ჰესბოლას" პოზიციებზე განახორციელა. თავდაცვის ძალების განმარტებით, ეს იყო პასუხი ისრაელის მისამართით გაშვებულ რაკეტებზე. ისრაელის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, ბენიამინ ნეთანიაჰუ "ჰესბოლას"" განადგურებით დაემუქრა.

ჰან - იუნისში კი ვითარება უკიდურესად მძიმეა. "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, ისრაელის სახმელეთო ოპერაციის პარალელურად, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი იზრდება. კლინიკებს, მედიკამენტების და ადამიანური რესურსის მწვავე დეფიციტის პირობებში, დაშავებულთა მკურნალობა სულ უფრო მეტად უჭირთ. ადგილზე არსებულ ვითარებას კრიტიკულად მძიმედ აფასებენ შეერთებულ შტატებში. ამერიკის სახელმწიფო მდივანი ისრაელს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

გატაცებულთა უფლებების დაცვას და გათავისუფლებას ითხოვენ რიგითი ისრაელელები. ჰანუქის დღესასწაულზე თელ-ავივის ქუჩებში, ათასობით ადამიანი გამოვიდა. მძევლების ფოტოებით და სანთლებით ხელში, მათ ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. ისრაელის მოსახლეობა, მთავრობას და საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას და მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სთხოვს. ისრაელის მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაციის ტყვეობაში 138 პირი რჩება.

დღის ამბები