05 ივლისი 2024,   23:44
ვრცლად
ომი ისრაელსა და პალესტინაში - ღაზის ცენტრში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

ომი ისრაელსა და პალესტინაში - ღაზის ცენტრში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე საავადმყოფოზე მიტანილი იერიშის დროს, გაეროს ინფორმაციით, ჯანდაცვის 2 მუშაკი მოკლეს. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

"ნასერის ჰოსპიტალი, ისევე როგორც ღაზის სექტორის ყველა სხვა საავადმყოფო, გადატვირთულია, რადგან ისრაელის სამხედროები აგრძელებენ ღაზაზე ძლიერ იერიშს. დაბომბვები იწვევს მშვიდობიანი მოსახლეობის მასიურ მსხვერპლს. იმის გამო, რომ ყველა განყოფილება სავსეა დაშავებულებით, ზოგიერთი პაციენტი იძულებულია გადაიყვანონ საავადმყოფოს დერეფნებში, ზოგი საწოლში წევს, ზოგი იატაკზე. სამედიცინო პერსონალი განაგრძობს მუშაობას მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. ბევრმა ექიმმა მიატოვა ოჯახი და ყველაფერი, რათა პაციენტების სიცოცხლე გადაარჩინონ," - ამბობს  ნასერის საავადმყოფოს სპიკკრი მარვან ფეიდი.

"ჰამასის" ტყვეობიდან მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით ათასობით ადამიანი გამოვიდა თელ ავივში გამართულ დემონსტრაციაზე. მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა ღაზაშიც.

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს რეზოლუციაზე აშშ-ის მიერ ვეტოს დადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოეხმაურა და ამ პოზიციას სწორი უწოდა.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ისრაელის მთავრობის მეთაურსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ჯო ბაიდენს უთხრა, რომ ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისში ისრაელის სამხედრო ოპერაცია სამი-ოთხი კვირა გაგრძელდება. 

"მე დიდად ვაფასებ იმ სწორ პოზიციას, რომელიც აშშ-მა დაიკავა გაეროს უშიშროების საბჭოში. სხვა ქვეყნებმაც უნდა გააცნობიერონ, რომ შეუძლებელია, ერთი მხრივ, ეხმარებოდე ჰამასის სრულ განადგურებას და, მეორე მხრივ, ომის შეწყვეტის მოწოდებით გამოდიოდე, რაც ჰამასის განადგურებას შეაჩერებს. ამიტომ, ისრაელი გააგრძელებს ჩვენს სამართლიან ომს ჰამასის აღმოსაფხვრელად და ომის სხვა მიზნების მისაღწევად, რაც ჩვენ დასახული გვაქვს," - აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

დღის ამბები