08 სექტემბერი 2024,   03:50
ვრცლად
ახლა ძალიან მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ მუშაობა, დროულად წავიდეთ წინ და დავიწყოთ გაწევრიანების მოლაპარაკებები -  ვახტანგ მახარობლიშვილი

"ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა" - თბილისში დიპლომატების ყოველწლიური შეხვედრა გრძელდება. კონფერენცია საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა გახსნეს.

დისკუსიის მთავარი თემა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსია. ასევე ქვეყნის როლი როგორც სამშვიდობო, ასევე ენერგეტიკული მიმართულებით. დიპლომატები განიხილავენ საკონსულოებისა და საელჩოების მთავარ მიზნებსაც.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიაში, მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ვახტანგ მახარობლიშვილი აცხადებს, რომ რეკომენდაციის შემდეგ დაწყებულმა აქტიურმა მუშაობამ, დადებითი როლი შეასრულა საბოლოოდ სტატუსის მიღების პროცესში.

"საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდა და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შედეგია. როდესაც ევროკომისიამ მიიღო ანგარიში და ამ ანგარიშში მკაფიო რეკომენდაცია გასცა, ქართული მხარე არ დაელოდა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, კერძოდ 14 დეკემბერს და უკვე ნოემბრის თვიდან დაიწყო აქტიურად მუშაობა სამოქმედო გეგმაზე. ეს უკიდურესად პოზიტიურად იქნა შეფასებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გავაგრძელოთ მუშაობა, დროულად წავიდეთ წინ და დავიწყოთ გაწევრიანების მოლაპარაკებები", - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში ლევან იზორია აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში, პრემიერ-მინისტრის დინამიკურმა მოქმედებებმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

"შეხვედრები, რომლებიც წლის განმავლობაში შედგა, იყო განმსაზღვრელი ფაქტორი იმისთვის, რომ მიგვეღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამაში თავისი განსაკუთრებული როლი შეიტანა ასევე პრემიერ-მინისტრის აქტიურმა დინამიკამ, მისმა ვიზიტებმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. განმსაზღვრელი ასევე გახლდათ ორი ნოემბრის კონფერენცია, ბატონი მინისტრის მოხსენებით გამოსვლა, განსაკუთრებით კი, ევროკავშირის გაფართოების ფორმატის ფარგლებში, სადაც ის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო. რა თქმა უნდა, გადამწყვეტი როლი ითამაშა სწორედ პოზიტიური რეკომენდაციის გაცემის თვალსაზრისით", - განაცხადა ლევან იზორიამ.

დღის ამბები