19 სექტემბერი 2024,   05:08
ვრცლად
მოქალაქეები ონკოლოგიურ მედიკამენტებს უსასყიდლოდ მიიღებენ - პროგრამაში, ამ ეტაპზე, 13 მედიკამენტი შედის

ონკოლოგიური მედიკამენტები - 13 დასახელების ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტები სახელმწიფომ მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტული კომპანიისგან, პირდაპირი შესყიდვის გზით, შეიძინა. შედეგად, ჯანდაცვის სამინისტრო, პაციენტებს მაღალი ხარისხის მედიკამენტებით სრულად უზრუნველყოფს.

ნინო მაჭავარიანი ერთ-ერთია, ვინც მისთვის საჭირო ონკოლოგიურ მედიკამენტებს უსასყიდლოდ მიიღებს. სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, ათასობით ონკოპაციენტი შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია "როშეს" წარმოებული მედიკამენტით მკურნალობის გაგრძელებას უფასოდ შეძლებს. პროგრამის ბენეფიციარები ამბობენ, რომ ონკოლოგიური პრეპარატების გადაცემა, მათთვის, მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათი იქნება.

მაღალი ხარისხის მედიკამენტები, სახელმწიფომ, შვეიცარიული კომპანიისგან პირდაპირი შესყიდვის წესით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა. ონკოლოგიური დანიშნულების მედიკამენტების უსასყიდლოდ გაცემის პროგრამაში, ამ ეტაპზე, 13 მედიკამენტი შედის, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში, ჩამონათვალს 8 ახალი სახეობა დაემატება. სახელმწიფო კიდევ ერთ მსოფლიოში წამყვან ფარმაცევტულ კომპანია "ნოვარტისთან“ თანამშრომლობს.

ონკოლოგიური მედიკამენტების უსასყიდლოდ გაცემის მნიშვნელობაზე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებიც საუბრობენ. ძვირადღირებული წამლები პაციენტებისთვის, მათი თქმით, მკურნალობის პროცესში ბარიერს წარმოადგენდა, რადგან, ფასის გამო, ხშირად, სრული კურსის ჩატარება ვერ ხერხდებოდა. ახლა წამლების უფასოდ მიღება, ამ დაბრკოლებას სრულად მოხსნის.

საჭირო მედიკამენტის მისაღებად, პაციენტებისთვის პროცედურები არ იცვლება. ექიმი დანიშნულებას ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულად უგზავნის, სპეციალური კოდის მინიჭების შემდეგ კი, პაციენტები სასურველი წამლის აღებას, დედაქალაქის მასშტაბით, 5 ლოკაციაზე შეძლებენ. პროგრამით სარგებლობა უზრუნველყოფილი იქნება ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავსა და გურჯაანში.

წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მედიკამენტების უშუალოდ მწარმოებლისგან შესყიდვა ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმების ნაწილია. ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, მიზანი კი ონკოპრეპარატებზე ჯიბიდან გადახდების შემცირებაა. ონკოლოგიური პაციენტებისთვის შვეიცარიული წარმოების მედიკამენტების უფასოდ გადაცემასთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაფართოვდა ქრონიკული მედიკამენტების სია და გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც 400 000-მდე ბენეფიციარს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები სრულად უფინანსდება.

დღის ამბები