29 სექტემბერი 2024,   03:12
ვრცლად
"ტაქსის მძღოლი, უწესიერესი ბიჭი, ბაზარში შევიდა, რომ დაუნახავს იარაღი, გადაფარებია და გულში მოურტყამს იმას" - რუსთავის ტრაგედიის ახალი დეტალები

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში ერთ-ერთი მოკლულის შვილის განცხადებით, დაკავებულ მამაკაცს, გიორგი ორველაშვილს, რომელმაც 4 ადამიანი მოკლა, ფსიქიკური პრობლემები აქვს. მისი ინფორმაციით, დაკავებულმა 2 თვის წინ ნაქირავებ სახლში ხანძარი განზრახ გააჩინა.

"მამაჩემი მოკლეს... ჩემი ნათლიის ძმისშვილია თავდამსხმელი, გიჟი, რომელმაც 2 თვის წინ, ნაქირავებში დატოვა ჩართული ყველაფერი, გადაწვა სახლი და წავიდა, შეგნებულად. გიჟს რად უნდა მიზეზი?!" - ამბობს ერთ-ერთი გარდაცვლილის შვილი.

გარდა ამისა, ბაზრის მოვაჭრეები, მკვლელობის გარემოებების შესახებ გარკვეულ დეტალებს ყვებიან, მათთვის არსებული ინფორმაციით, დანაშაული შურისძიებას უკავშირდება, თუმცა დეტალებზე საუბარი ამ დროისთვის უჭირთ. მათივე ინფორმაციით, დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი, დაახლოებით, ორი თვის წინ, ბაზარში თავადაც მუშაობდა და ბიძას ეხმარებოდა. 

ამასთან, ადგილზე მომუშავეები მოკლულ ტაქსის მძღოლზეც საუბრობენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, ტაქსის მძღოლი ბაზარში ხორცის საყიდლად შევიდა, რა დროსაც გასროლა განხორციელდა, ის მოკლულების დახმარებას შეეცადა და ტყვია მასაც მოხვდა.

"ტაქსის მძღოლი, უწესიერესი ბიჭი, ბაზარში შევიდა, ხორცს ვიყიდი და ახლავე მოვალო, მოგვესალმა სიცილით. რომ დაუნახავს იარაღი, უთქვამს, არ ესროლო ძმაოო, გადაფარებია და გულში მოურტყია იმას... დანარჩენი დეტალები არ ვიცი, თუ რა მოხდა ბიძასა და ძმისშვილს შორის, რაღაც ფინანსური დავა იქნებოდა," - ამბობს ერთ-ერთი ბაზარში მომუშავე.

თავის მხრივ, მძიმეა დაჭრილის მდგომარეობა, ის კლინიკაში რჩება.

"პაციენტი შემოყვანილია ცეცხლსასროლი იარაღის მიერ მიყენებული მრავლობითი მცირე ზომის ჭრილობებით, სხეულის სხვადასხვა მიდამოში. პაციენტის მდგომარეობა შეფასდა როგორც მძიმე. ამ წუთას უტარდება ლაბორატორიული კვლევები და იმყოფება სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ. ამ ეტაპზე შეყვანილია კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევაზე, რომლის შედეგის მერეც გადაწყდება მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა," - აცხადებს ექიმი.

ცნობისთვის, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე განხორციელებული სროლის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაჭრილია. მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს.

დღის ამბები