არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 6 წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ - გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა, ასევე სამხედრო მოსამსახურეებმა, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს. სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც დაღუპულის ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.
დღესვე, წილკნის დევნილთა დასახლებაში, არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ყვავილებით შეამკეს.
6 წლის წინ, 22 თებერვალს, არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორში, უკანონოდ დააკავეს. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. გმირის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოგვიანებით გადმოასვენეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
უმცროსი სერჟანტი არჩილ ტატუნაშვილი თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა.