წალენჯიხის მერიის დაკავებულ თანამშრომლებს ბრალის დადგენილება ოფიციალურად დღეს გააცნეს. ადვოკატს, რომელიც თეიმურაზ მებონიასა და ბესიკ ძაძამიას ინტერესებს იცავს, საქმის მასალები უკვე გადაეცა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო მერიის საფინანსო და ქონების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, დაბა ჯვარში მდებარე 1 550 კვადრატული მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 20 ათასი ლარის აღებას ედავება. წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მერიის თანამშრომლებს პროკურატურამ ბრალდება უკვე წარუდგინა.
წალენჯიხა, ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელსაც ოპოზიციონერი მერი ჰყავს. საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრები პასუხისმგებლობას, სწორედ გია ხარჩილავას აკისრებენ და მის გამოკითხვას ითხოვენ. ვარაუდობენ, რომ დანაშაულებრივ, კორუფციულ სქემაში ბრალდებულების გარდა, სხვა პირებიც იყვნენ ჩართული.
თავად წალენჯიხის მერი ამ დრომდე დუმს. გია ხარჩილავა არც სამსახურში გამოჩენილა და არც "კურიერის" სატელეფონო ზარებს პასუხობს. მერიაში კორუფციის ფაქტს, მხოლოდ გუშინ, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს მუნიციპალიტეტში ქრთამის აღების ერთადერთი შემთხვევა იყო. დღეს, ხარჩილავას ნაცვლად, ჟურნალისტების შეკითხვებს მისმა მოადგილემ უპასუხა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წალენჯიხის მერიაში საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩაატარა. დოკუმენტები გამოითხოვა საკრებულოდანაც. თვითმმართველი ორგანოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე, გახარიას გუნდის წევრი, ამბობს, რომ ანტიკორუფციულმა სააგენტო, 2022 წელს დამტკიცებული, საპრივატიზაციო ნუსხით დაინტერესდა, რომლის ჩამონათვალშიც სადავო მიწის ნაკვეთიც შედის.
მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას, სრულად, ოპოზიციონერ მერს აკისრებს და გია ხარჩილავასგან განმარტებებს ითხოვს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მენეჯმენტი მოშლილია, რაც მოქალაქეების ინტერესებს აზიანებს.
წალენჯიხის მერიის თანამშრომლების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.