პრემიერ-მინისტრსა და ქართულ ბიზნესს შორის იდეების გაცვლა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პრემიერი ბიზნესმენებთან მთავარ ეროვნულ ამოცანებზე საუბრობდა - სიღარიბის დაძლევა და ქვეყნის გამთლიანება. მნიშვნელოვანი საკითხია ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის თანამშრომლობა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში არსებული ლიბერალური საგადასახადო და ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკა, ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია.
ძლიერი ბიზნესი ქმნის ძლიერ ეკონომიკას, რაც მოქალაქეების კეთილდღეობის მთავარი ფაქტორია. ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდა ქვეყნის განვითარების საკვანძო მნიშვნელობის საკითხია.
კონფერენციის ფარგლებში, ორი პანელური დისკუსია გაიმართა, სადაც ბიზნესკლიმატის ინდექსზე, დასაქმებისა და ხელფასების ზრდის საკითხებზე ისაუბრეს. ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი კვალიფიციური კადრების დეფიციტი იყო.
პრემიერ-მინისტრმა კონფერენციაზე ეკონომიკური ზრდის მთავარ ფაქტორზე - ბიზნესის თავისუფლებაზეც ისაუბრა და წინა ხელისუფლების დროს ამ სფეროში არსებული ვითარება გაიხსენა.
კონფერენციაზე, 2019-2023 წლების ეკონომიკური ინდექსის დინამიკაც განიხილეს, რის საფუძველზეც ბიზნესის განწყობების და პოზიტიური მოლოდინების შეფასება ხდება.