16 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
მესამე დღეა, მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ ოპონენტებისგან - შემოგვთავაზონ ვერსიები, როგორ გავმიჯნოთ ნებისმიერი ადამიანის უფლებები, არატრადიციული ცხოვრების წესის მიუხედავად, და ლგბტ პროპაგანდა - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ოპონენტებისგან ითხოვს პოზიციის დაფიქსირებას იმასთან დაკავშირებით, უნდა გაიმიჯნოს თუ არა ადამიანის უფლებების დაცვა და ლგბტ პროპაგანდა, და თუ უნდა გაიმიჯნოს - როგორ.

მისივე განცხადებით, გარკვეული პასუხი ამ კითხვებზე მას არ მოუსმენია.

"მესამე დღეა უკვე, ჩვენ ველოდებით ჩვენი ოპონენტების პოზიციას ამასთან დაკავშირებით - გვიერთდებიან თუ არა მიდგომაში, რომ, ადამიანის უფლებების განუხრელ დაცვასთან ერთად, ამ უფლებების დაცვის ხარისხის აწევასთან ერთად, უნდა ვებრძოლოთ თუ არა ფსევდოლიბერალური ხასიათის პროპაგანდას, რასაც, მაგალითად, ლგბტ პროპაგანდა ჰქვია. ჩვენ მკაფიო პასუხი, მესამე დღეა, ვერ მივიღეთ ჩვენი ოპონენტებისგან - ზოგად საკითხზე, არათუ რაიმე დაწერილ ნორმაზე, რომელიც არ არსებობს. ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ შემოგვთავაზონ ვერსიები - როგორ გავმიჯნოთ მკაფიოდ ისე უფლებები, ნებისმიერი განსხვავების მიუხედავად, ნებისმიერი არატრადიციული ცხოვრების წესის მიუხედავად ნებისმიერი ადამიანისა და - ლგბტ პროპაგანდა. ამაზე კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია. ისინი ამბობენ, მაგალითად, იმას, რომ რა დროს ესაა, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში. რა საკითხი არ დგას დღის წესრიგში? დღეს, თანამედროვე მსოფლიოში ეს საკითხები არ გეცნობათ, რომ აქტუალურია?

დღეს, თანამედროვე სამყაროში არსებობს გამოწვევა, ისევე, როგორც 2017 წელს არსებობდა ერთნაირსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებული გამოწვევა. ჩვენ ამოვქოლეთ ეს კარი, ჩვენ მოვიჭერით გზა და მოვუჭერით გზა იმ ხალხს, როდისმე თუ ვინმეს მოუნდება, რომ დაგვაძალოს ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ჩვენ ვეტყვით, რომ ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ეს არის აკრძალული. ახლა ჩვენ კანონზე ვიმსჯელებთ და ვიფიქრებთ იმიტომ, რომ თუ კი ოდესმე იქნება იმისი ცდუნება, რომ ლგბტ პროპაგანდამ საქართველოში ისე გაშალოს ფრთები, როგორც ეს სხვა, გარკვეულ ქვეყნებშია, ჩვენ ეს კარიც უნდა ამოვქოლოთ.

დიდი იმედი მაქვს, რომ ვერავინ გაგვიბედავს ამ ღირსეული მიდგომების გამო რომ ასე დაგვიყენოს საკითხი, რომელიც კითხვაში მინიშნების სახით შეიძლება იყოს, რომ ან ევროპა, ან ამერიკა, ან აქეთ, მეორე მხარეს, ლგბტ პროპაგანდა. ჩვენ უნდა ღირსეულად, ორ ფეხზე მყარად დგომით, ჩვენი ღირსებით, ტრადიციებით, ამ ტრადიციების დაცვით, ეროვნული იდენტობითა და ამ იდენტობის მახასიათებლებით, ქრისტიანული ღირებულებებით შევძლოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა და ეს ერთად აღებული არ უნდა წარმოადგენდეს სირთულეს," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები