საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) მიერ მსოფლიო ტერორიზმთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ გლობალურ ანგარიშს ეხმიანება, რის მიხედვითაც გლობალური ტერორიზმის 2024 წლის ინდექსის მიხედვით საქართველომ სარეიტინგო პოზიცია 5 ადგილით გაიუმჯობესა და ტერორიზმისაგან თავისუფლებით მსოფლიოში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.
ალექსანდრე ტაბატაძე აღნიშნავს, რომ რეიტინგის შედეგები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმატებული მუშაობის შედეგია.
"არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაღალი პროფესიონალიზმით და სტანდარტებით ასრულებს თავის მოვალეობას. ჩვენს სტრატეგიულ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში მიღწეული წარმატება კიდევ ერთხელ დადასტურდა მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რისთვისაც დასაფასებელია და მადლობას იმსახურებს ეს ინსტიტუტი და მისი თითოეული თანამშრომელი, რომელსაც აღნიშნულ რეიტინგში გამოქვეყნებულ დადებით შედეგებში მიუძღვის წვლილი.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ ტერორიზმთან ბრძოლა მოითხოვს ძალიან მაღალ პროფესიონალიზმს და ოპერატიულობას, ამიტომ განსაკუთრებით დასაფასებელია ის 24-საათიანი თავდადებული შრომა, რომელიც საზოგადოებისთვის ხშირად უხილავია, მაგრამ არაერთხელ დადასტურდა მსგავსი რეიტინგებით და ანგარიშებით.“ - აღნიშნავს ალექსანდრე ტაბატაძე.
გლობალური ტერორიზმის ინდექსით, საქართველომ მსოფლიოში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.