15 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
60-მდე ქართული კომპანია 8 საერთაშორისო გამოფენაზე - სოფლის მეურნეობის სააგენტო ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობს

მეწარმე გოჩა ღვინეფაძე ნატურალური წვენების დამზადების ტექნოლოგიაზე საუბრობს. თავდაპირველად, კომპანია "ალალმა" 3 დასახელების პროდუქციის წარმოება დაიწყო, დღეს კი 10 სახეობის წვენს აწარმოებს, რომელიც ექსპორტზე აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გადის. ბიზნესის სახელმწიფო პროგრამისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს მხარდაჭერით, კომპანია გეგმავს ისეთი დიდი ბაზების ათვისებასაც, როგორიც ჩინეთი და საუდის არაბეთია.

სუნელების მწარმოებელმა კომპანია "ოჯახურმაც" პროდუქცია ექსპორტზე გერმანიაში გამართული საერთაშორისო გამოფენის საშუალებით და სოფლის მეურნეობის სააგენტოს მხარდაჭერით გაიტანა. ქართული ტრადიციული გემოები 1400 უცხოურ კომპანიას შორის იყო წარმოდგენილი.

ბიზნესი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაიწყო თამარ კვარაცხელიამაც. ზუგდიდის რაიონში ფუტკარი 4 წლის წინ მოაშენა, დღეს თაფლი და მისგან დამზადებული კოსმეტიკა უკვე ქვეყნის გარეთაც გააქვს. სოფლის განვითარების სააგენტოს დახმარებით კომპანიამ საკუთარი პროდუქცია პირველად ექსპორტზე კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიტანა.

ქართული აგრო - სასურსათო პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს. ამ მიზნით სააგენტო მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას სთავაზობს, რაც ახალი კონტაქტების და თანამშრომლობის დამყარების შესაძლებლობას იძლევა.

სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ხარისხიანი აგროპროდუქტის ცნობადობის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, გასულ წელს, 60-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა 8 საერთაშორისო გამოფენაში.

დღის ამბები