26 აგვისტო 2026,   09:10
ვრცლად
გაიმართება თუ არა უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის სამიტი - თურქეთი მხარეებს მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევს

გაიმართება თუ არა უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის სამიტი - თურქეთი მხარეებს მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევს. ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ერდოღანის თქმით, საუბრისას ზელენსკის გაუზიარა მოსაზრება რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მდგრადი მშვიდობის დამყარებას.

"სამწუხაროდ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე, პირველ რიგში კი უკრაინაზე - ომი მზარდ ნეგატიურ გავლენას ახდენს. ომის დაწყების დღიდან თურქეთი ყველაზე დიდ ძალისხმევას სწორედ მის დასასრულებლად სწევს. რა თქმა უნდა, ეს მოლაპარაკებების გზით უნდა მოხდეს. თურქეთი მზად არის, უმასპინძლოს მშვიდობის სამიტს, რომლის მონაწილეც რუსეთიც იქნება. თუ ორ მხარეს შორის იარსებებს შეთანხმების ნება - ჩვენ მზად ვართ გაჩვენოთ ჩვენი მხარდაჭერა, რომელსაც აქამდეც გაჩვენებდით.

მნიშვნელოვანია, უკრაინა ძლიერად იდგეს ეკონომიკურად და მუდმივი მშვიდობის თვალსაზრისითაც. ამიტომაც ვუჭერთ მხარს მის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას. აქვე ვიტყვი, რომ სასურსათო, უსაფრთხოებით თუ პატიმრების გაცვლის ნაწილში უიმედოდ არ ვართ, შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ და შედეგების მოლოდინიც გვაქვს. ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას," - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით კი ქვეყნებისთვის მკაფიო პრიორიტეტი მშვიდობის დასაბრუნებლად უსაფრთხოების გაძლიერებაა.

"უკრაინასა და თურქეთს, როგორც ყოველთვის, გულწრფელი და პროდუქტიული საუბარი გვქონდა. მკაფიო პრიორიტეტი ისაა, რომ გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება - რამდენადაც ესაა შესაძლებელი, რათა დავაბრუნოთ მშვიდობა ჩვენი ხალხებისთვის.

ბატონ პრეზიდენტს ლიდერების დონეზე "მშვიდობის სამიტის" მომზადების შესახებ შევატყობინე, რომელიც შვეიცარიაში გაიმართება. ამ სამიტზე რუსეთის წარმომადგენლებს ვერ დავინახავთ, რადგან ვერ ვხედავთ ისეთი ადამიანების მოწვევის მიზანს, რომლებიც ბლოკავენ, ანადგურებენ და კლავენ ყველაფერს. ჩვენ შედეგები გვსურს, ჩვენ გვინდა მხოლოდ მშვიდობა უკრაინისთვის. ამიტომ, ჯერ მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნები შეიმუშავებენ მშვიდობის დეტალურ გეგმას და გავლენას შედეგებზე და მხოლოდ ამის შემდეგ ჩართავენ პროცესში რუსეთის წარმომადგენლებს, რომლებიც მზად არიან სამართლიანი სამყაროსთვის," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

დღის ამბები