16 ნოემბერი 2024,   09:57
ვრცლად
ზურაბ ადეიშვილი ევროკავშირში თავისუფალი მიმოსვლით როცა სარგებლობს, ეს თითოეული ჩვენგანისთვის ღრმად შემაშფოთებელია- ირაკლი კობახიძე

"ზურაბ ადეიშვილი ევროკავშირში თავისუფალი მიმოსვლით როცა სარგებლობს, ეს თითოეული ჩვენგანისთვის ღრმად შემაშფოთებელია. ასეთი ფაქტები ძირს უთხრის ქართული საზოგადოების აღქმას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპული ბიუროკრატია არის ფასეულობების ერთგული", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, არ შეიძლებოდა, რომ ეს ფაქტი რეაგირების გარეშე დარჩენილიყო.

"ყოფილი იუსტიციის მინისტრის და გენპროკურორის ბრიუსელსა და ბერლინში ვიზიტებთან დაკავშირებით მთავრობამ უკვე გაავრცელა ოფიციალური განცხადებები.

მინდა მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს იმისთვის, რომ შეხვედრები გამართა როგორც ევროკავშირის საელჩოსთან, ასევე საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან. ჩვენთვის ეს ვიზიტები შემაშფოთებელია. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ამასთან დაკავშირებით ჩემი პირადი პოზიცია. ყველამ ვიცით, ვინ არის, ვინ იყო ზურაბ ადეიშვილი, ეს იყო რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ავტორი, შემოქმედი, ამ რეჟიმის ერთ-ერთი ლიდერი, ბევრი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა შეიწირა იმ რეჟიმმა. საუბარია ათიაათასობით ადამიანზე. გარდა ამისა, ზურაბ ადეიშვილი არის მსჯავრდებული რამდენიმე კონკრეტულ საქმეზე, დამატებით ის არის ბრალდებული ორ საქმეზე. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაულები. მაგალითად, ერთ-ერთი არის კომერციული ობიექტის, ღვინის ქარხნის მიტაცების, უკანონო ჩამორთმევის საქმე. ეს არ არის მარტივი დანაშაული. ასევე არის ტელეკომპანია "იბერიას" ხელში ჩაგდების საქმე, მედიის წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი დანაშაული, ეს არის კობა დავითაშვილის გატაცების და მასზე სასტიკი ძალადობის საქმე, რაშიც პირდაპირ იყო ჩართული ზურაბ ადეიშვილი. ასევე არის პატიმრების წამების საქმე, რომელზეც მას აქვს შეფარდებული მსჯავრი და არის "ქართუ" ბანკის გაკოტრების საქმე. უმძიმეს დანაშაულებზეა საუბარი და ასეთი ადამიანი ევროკავშირში თავისუფალი მიმოსვლით როცა სარგებლობს, ეს ღრმად შემაშფოთებელია თითოეული ჩვენგანისთვის.

ასევე ზურაბ ადეიშვილს ბრალი აქვს წაყენებული 7 ნოემბრის ძალადობის საქმეზე და ბუტა რობაქიძის მკვლელობის დანაშაულის დაფარვის საქმეზე. როდესაც ასეთ მძიმე დანაშაულებში ბრალდებული, მსჯავრდებული პირი თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში, უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში, რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელია და არ შეიძლება, ეს ფაქტი რეაგირების გარეშე დაგვეტოვებინა. ასეთი ფაქტები ძირს უთხრის ქართული საზოგადოების აღქმას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპული ბიუროკრატია არის ფასეულობების ერთგული. ისეთი ფასეულობების, როგორიც არის, პირველ რიგში, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი.

გარდა ამისა, არის სხვა შემთხვევებიც, როდესაც დამნაშავეები, ძებნილები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროკავშირის ფარგლებში. მათ შორის ეს ადამიანები დღესაც არიან ეჭვმიტანილი კონკრეტულ ქმედებებში, რომლებიც არის უკვე ევროკავშირის მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული. უმძიმესი დანაშაულების შემთხვევებია, როგორიც არის "ქოლცენტერების" საქმე და ასე შემდეგ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები