ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას განმარტავს. ნათია თურნავას განცხადებით, სესხის პროცენტის შემცირების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში დაბალი ინფლაციისა და ლარის სტაბილური კურსის გამო მიიღო.
"ჩვენ, დაწყებული 2023 წლის მაისიდან, ეტაპობრივად ვამცირებთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს. თავიდან თუ გახსოვთ უფრო მცირე და ნელი ტემპებით დავიწყეთ და ვამცირებდით 0.25%-ით. შემდეგ დავინახეთ, რომ დიდი ხნით ნარჩუნდება დაბალინფლაციური გარემო, ინფლაცია თვიდან თვემდე 1%-ზე დაბალი არის დღესაც, უკვე თითქმის 10 თვეა ეს მდგომარეობაა. ინფლაციური მოლოდინები ნორმალიზდა და ასევე გარკვეული რისკები, რომელსაც ჩვენ ყოველთვის მხედველობაში ვიღებთ არ მატერიალიზდა, ამიტომ ჩვენ ეს ტემპი ოდნავ ავაჩქარეთ. ბოლო ორ კომიტეტზე 0.5%-ით შევამცირეთ და გუშინდელ კომიტეტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაბალინფლაციური გარემო ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ ცოტა უფრო გაბედული ტემპით 0.75%-ით შეგვემცირებინა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი,“ - აცხადებს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა.
მომავალი თვიდან, ლარში აღებულ 180 ათასზე მეტ სესხზე ყოველთვიური შენატანი მცირდება. სესხის პროცენტის შემცირების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა გუშინ მიიღო. რეფინანსირების განაკვეთი 0.75%-ით მცირდება და 8.25% გახდება.