საქართველოს პროკურატურის და ისრაელის სამართალდამცავი ორგანოების საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
საქართველოს პროკურატურის და ისრაელის სამართალდამცავთა ერთობლივი მონაწილეობით, ისრაელის სახელმწიფოდან შემოსული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის საფუძველზე, ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში, ქალაქ ბათუმში მდებარე ხელოვნური განაყოფიერების, დონაციისა და სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში (სამედიცინო კლინიკა) საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა, - ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
სამართალდამცველებმა სამედიცინო კლინიკიდან დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაცია ამოიღეს.
"ამ ეტაპზე, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გრძელდება, მათ შორის დაგეგმილია საქართველოს და ისრაელის მოქალაქეების მოწმის სახით გამოკითხვა", - აცხადებენ პროკურატურაში.
ცოტა ხნის წინ, გამოცემა Vesty-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის პოლიცია აწარმოებს გამოძიებას საქართველოდან მძიმე გენეტიკური დაავადებების მქონე განაყოფიერებული კვერცხუჯრედების შეტანის ფაქტზე. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვერცხუჯრედებით “ინ ვიტრო“ განაყოფიერება ჩაუტარდა, მინიმუმ 3 ისრაელელ ქალს, რომლებიც უშვილობაზე წლების განმავლობაში მკურნალობდნენ, თუმცა, განაყოფიერების შედეგად, ერთი ბავშვი მკვდრად დაიბადა, ერთი თანდაყოლილი მძიმე დაავადებით, ერთის მდგომარეობას კი ექიმები ამ ეტაპზე საფუძვლიანად იკვლევენ.