საქართველოში ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის განვითარება, შუა დერეფნის მნიშვნელობა, კომერციული არბიტრაჟის გაძლიერება, მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა იყო დღის წესრიგის ძირითადი თემები ინვესტორთა საბჭოს 22-ე სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საბჭოს სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გახსნა. მთავრობის მეთაურმა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციებზე ისაუბრა. პრემიერმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი გაძლიერების პროცესში ინვესტორებისა და ბიზნესის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია.
საბჭოს წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში ალკის ვრენიოს დრაკინოსმა.