"ინკლუზიური ტურები და მისაწვდომი სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის" - ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ტრენინგები გამართა. სასწავლო კურსი თბილისში, გორში, კასპში, თელავში, ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ამბროლაურში, ონსა და ახალციხეში ჩატარდა.
ტრენინგის მონაწილეებს აშშ-დან მიმართა საერთაშორისო კონსულტანტმა მარია დე ლორდეს არეოლამ და გამოცდილება გაუზიარა.
სასწავლო კურსი განთავსების, კვების ობიექტებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენელთათვის და გიდებისთვის გაიმართა. ტრენინგებს ჯამში 250 მონაწილე ჰყავდა.
ტრენინგის გავლის შემდგომ ყველა დამსწრეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან სერტიფიკატი გადაეცა.
სასწავლო კურსი შემდეგ თემატიკას მოიცავდა:
1. მისაწვდომი საფეხმავლო მარშრუტები;
2. მისაწვდომი საკემპინგო ბანაკები;
3. ჟესტური ენის ინტეგრირება ტურებში;
4. ინკლუზიური სათავგადასავლო ტურების შემუშავება;
5. მისაწვდომი კულტურული ტურების შემუშავება;
6. ციფრული მისაწვდომობა მუზეუმებისთვისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის.
მომსახურების ხარისხის განვითარება და საერთაშორისო სტანდარტთან გათანაბრება "ტურიზმის სტრატეგია 2025"-ის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს. ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტურისტულად საინტერესო ადგილებში მთელი წლის განმავლობაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არაერთ მოკლევადიან სასწავლო კურსს ატარებს. ტრენინგების მიზანია ინდუსტრიაში დასაქმებულთა ცოდნის გაღრმავება და უნარების გაუმჯობესება.