15 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
სახელმწიფო ფერმერებს ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად მაქსიმუმ, 100 000 ლარიან სესხს, ხოლო თხილის მსხვილ მწარმოებლებს - 300 000 ლარის ოდენობის სესხს დაუფინანსებს

სახელმწიფო ფერმერებს ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად, მაქსიმუმ, 100 000 ლარიან სესხს, ხოლო თხილის მსხვილ მწარმოებლებს - 300 000 ლარის ოდენობის სესხს დაუფინანსებს, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ოთარ შამუგიამ ისაუბრა ახალ პროგრამაზეც, რომლის მიხედვით მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მფლობელებს, სახელმწიფო მცირე სიმძლავრის ტექნიკის შესყიდვაში დაეხმარება - საუბარია ღირებულების 70%-ის თანადაფინანსებაზე.

"ახალი პროგრამა გულისხმობს მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვისაც აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მცირე სიმძლავრის ტექნიკის ე.წ. მოტობლოკების თანადაფინანსებას. თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს ღირებულების 70%-ს და, სიმძლავრეების მიხედვით, 1200 ლარიდან 2500 ლარამდე იქნება სახელმწიფოს თანადაფინანსება. ძალიან მალე, აპრილში გამოცხადდება განაცხადების მიღება მოსავლის ამღებ ტექნიკაზე. ამ ნაწილში 10 მილიონი ლარია გამოყოფილი წელს ბიუჯეტით და ჩვენ 30%-იანი თანადაფინანსებით დავეხმარებით ფერმერებს,"- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

დღის ამბები