22 ნოემბერი 2024,   22:06
ვრცლად
ვინ არის ზვავში მოყოლილი 48 წლის მამაკაცი - ბაკურიანში სამაშველო ოპერაცია დილიდან მიმდინარეობდა

11:35 საათი - 112-ში ზვავში მოყოლილი მამაკაცის შესახებ შეტყობინება შევიდა. ბაკურიანში, ციხისჯვარის გზის მიმდებარედ, მაშველებმა ძებნა-შველის ოპერაცია დაიწყეს. 5 კაციანი ჯგუფიდან თოვლის მასას თავი 4-მა დააღწია, 48 წლის მამაკაცს დილიდან ეძებდნენ. ის მეგობრებთან ერთად ბურანების ტურში იმყოფებოდა, რა დროსაც მთიდან თოვლის მასა მოწყდა და ახალგაზრდა კაცი მოიყოლა.

"კურიერმა" დაკარგულის ვინაობა გაარკვია. ის ბაკურიანში მცხოვრები დიტო გოგოლაძეა. გავრცელებული ინფორმაციით, 48 წლის მამაკაცი სპორტსმენია და ბურანის მართვის გამოცდილებაც ჰქონდა, რასაც მის facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოებიც ადასტურებს.

სამძებრო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა, რთული რელიეფის გამო აუცილებელი გახდა. დამატებითი სამაშველო ჯგუფი ბაკურიანში თბილისიდანაც ჩავიდა. ძებნა-შველის ოპერაცია პირველ ეტაპზე განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველებმა დაიწყეს. ტერიტორიის დათვალიერება მიმდინარეობდა დრონებითაც.

მთიდან ჩამოწოლილ თოვლის მასაზე ადგილობრივი მედია და ბაკურიანის განვითარების სააგენტო რამდენიმე ფოტოს ავრცელებს. ამ ფოტოებზეც კარგად ჩანს მთიდან მოწყვეტილი და ასობით კვადრატზე ჩამოსული თოვლის მოცულობა.

სამაშველო სამსახურის დასახმარებლად ადგილობრივები ბაკურიანიდანაც წავიდნენ. სამძებრო ოპერაციას რთული კლიმატური პირობები და შემთხვევის ადგილის მდებარეობა ართულებს. ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა ვერ შედის, ამის გამო კი თოვლის საფარის გაწმენდა ცოცხალ ძალას უწევდა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა დღის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სამაშველო ჯგუფი გადაიყვანა. 

სამძებრო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, ამ ეტაპისთვის, ზვავსაშიშროების გამო ძებნა-შველის სამუშაოები დროებით შეჩერებულია.

 

დღის ამბები