ციტრუსის მოსავლის რეალიზაციისა და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა. შტაბი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან დავით სონღულაშვილთან და აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან ერთად გახსნა. ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ესწრებოდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ფერმერების მხარდაჭერა, მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობა და საექსპორტო ბაზრების გაფართოება ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისივე განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შუა აზიის ქვეყნებში ციტრუსის ექსპორტის გაზრდას, საერთაშორისო პარტნიორებთან კავშირების გაძლიერებასა და საექსპორტო დოკუმენტაციის მინიმალური ბიუროკრატიით მომზადებას, რათა მოსავალი დროულად გავიდეს ბაზრებზე და ფერმერებმა მეტი შემოსავალი მიიღონ.
შტაბი კოორდინაციას გაუწევს საზღვაო და სახმელეთო ლოგისტიკასა და მანდარინის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების მუშაობას. აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა კი ექსპორტიორებს პროდუქციის რაოდენობრივ და ხარისხობრივ ექსპერტიზასა და საექსპორტო პროცედურებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს გაუწევს.
შტაბის საქმიანობა არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროცესის მონიტორინგსაც ითვალისწინებს. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ფერმერები არასტანდარტული მანდარინის ჩაბარებისთვის კილოგრამზე 40 თეთრს მიიღებენ - 35 თეთრი სახელმწიფო სუბსიდიაა, ხოლო 5 თეთრს საწარმო გადაიხდის. წელს აჭარაში 40 ათას ტონაზე მეტი ციტრუსის მოსავალია მოსალოდნელი. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი საწარმო მიიღებს, ხოლო არასტანდარტულ ნაყოფს ქობულეთში მდებარე ორი საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს. ამოქმედდება ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ფერმერები და ექსპორტიორები ციტრუსის სეზონთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას მიიღებენ.
ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის გახსნას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების მერები.