26 ივნისი 2024,   20:23
ვრცლად
კორუფციის ბრალდებით დაკავებულ პირებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

კორუფციის ბრალდებით დაკავებულ პირებს სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. სხდომაზე ბრალდების მხარე პატიმრობას, დაცვა კი მათ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

ორმა ბრალდებულმა - რატი ცამბაიამ და ნინო კოშაძემ დანაშაული აღიარეს. ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს კიდევ ერთი ბრალდებული - თამარ მაჩხანაშვილი.

სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რატი ცამბაიამ ოჯახურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა და მოსამართლეს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

"დედა არის მძიმედ დაავადებული სხვადასხვა ქრონიკული დაავადებით. არ გვყავს სხვა ნათესავი, რომელიც შეძლებს, ჩემ გარდა, რომ იზრუნოს მასზე. სჭირდება როგორც ინექციური დახმარებები, ასევე - ტაბლეტირებული ფორმით დახმარებები. მე გახლავართ ექიმი, რომელსაც შემიძლია ეს ყველაფერი უზრუნველვყო მისთვის. უმორჩილესად გთხოვთ, მხედველობაში იქონიოთ ეს ყველაფერი. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, როგორც კი მოხდა ჩემი დაკითხვა, მეორე დღიდან მოყოლებული ყოველთვის მქონდა კომუნიკაცია ჩემს გამომძიებლებთან. თუ თქვენი ნება იქნება, საერთოდ ჩემი საცხოვრებელი ადგილის ტერიტორიას არ გავცდები, გარდა ელემენტარული სასურსათო მაღაზიებისა, რომ დედაჩემს საკვები ამოვუტანო მაღაზიიდან," - თქვა რატი ცამბაიამ.

საგამოძიებო უწყებამ, გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილ მოადგილესა და ამავე ცენტრის ორ ყოფილ მენეჯერს ბრალი გუშინ წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, სამივე დაკავებული გარიგებაში იყო შესული "ევექსის ჰოსპიტლებთან", რომელიც ახლა სააქციო საზოგადოება "ვიანის" მფლობელობაშია გადასული.

ბრალი აქვს წარდგენილი "ევექსის ჰოსპიტლების" ორ თანამშრომელსაც, რომლებმაც სახელმწიფო მოხელეების მოსყიდვისა და პაციენტების მოზიდვისთვის ბონუსის სახით 226 ათასი ლარი მიღეს. "კურიერმა" მათი ვინაობა დაადგინა - ნინო რეხვიაშვილი და მარიამ ხუნდაძე ბრალს არ აღიარებენ.

დღის ამბები