ოპტიმისტური პროგნოზის საშუალებას მთავრობის ეკონომიკურ გუნდს სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები აძლევს. ბოლო კვლევით, საქართველოს, საშუალოვადიან პერიოდში, ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება. ფონდის შეფასებით, 2024 წელს ზრდა 5.7%-ს, ხოლო 2025 წელს ზრდის ტემპი 5.2%-ს შეადგენს, 2024 - 29 წლებში კი ეკონომიკური ზრდა, საშუალოდ, 5.1% იქნება, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა ამ მიმართულებით რეგიონისა და ევროპის სახელმწიფოებს გადაუსწრებს.
პროგნოზის მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ათწლიანი ტემპით, საქართველო, 2029 წელს, მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მოხვდება. საპარლამენტო უმრავლესობა მონაცემებს მთავრობის პრაგმატულ პოლიტიკას უკავშირებს. ოპოზიცია კი ამბობს, რომ ციფრები მოქალაქეების კეთილდღეობაზე უნდა აისახოს.
პროგნოზის მიხედვით, 2029 წლისთვის, საქართველოს მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით უფრო ფართო ეკონომიკა ექნება, ვიდრე ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას - ლუქსემბურგს, ლატვიას, ესტონეთს, კვიპროსს, მალტასა და ისლანდიას. მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველოს მიერ შენარჩუნებულ ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობენ ექსპერტებიც.
სავალუტო ფონდის შეფასებით, 2023 წელს, ერთ სულ მოსახლეზე, საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 10%-ით გაიზარდა და 23 000 დოლარს გადააჭარბა. 2029 წელს კი მთლიანი შიდა პროდუქტი, ამერიკულ დოლარში, ერთ სულ მოსახლეზე, 2020 წელთან შედარებით, გასამმაგდება.