არასოდეს არ ყოფილა ბიზნესგარემო ისეთი თავისუფალი და გამჭვირვალე, როგორიც ახლაა, - ამის შესახებ ამერიკული, ჰოლდინგური კომპანია IG International-ის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია საბანაძე წერს.
ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასთან სტაბილური კომუნიკაცია კომპანიების მაქსიმალური განვითარების შესაძლებლობას იძლევა და სჯერა, რომ ქვეყნის ევროპული განვითარების კურსი ქართული საზოგადოების და ხელისუფლების ერთობლივი მიზანია.
"მე, როგორც ერთ–ერთი მსხვილი ჰოლდინგური კომპანიის დამფუძნებელი, მსურს დავაფიქსირო ჩემი პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენი კომპანიის საქმიანობა ბევრ წელს ითვლის. ბიზნესი ვითარდებოდა სხვადასხვა პოლიტიკური მმართველობის დროს. ქვეყნის განვითარების კვალდაკვალ ჩვენს თავზე ვიწვნიეთ ის გამოწვევები და სირთულეები, რომელთა წინაშეც არაერთხელ აღმოვჩნდით. ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკა დინამიკურად იზრდება, არასოდეს არ ყოფილა ბიზნესგარემო ისეთი თავისუფალი და გამჭვირვალე, როგორიც ახლაა. ეფექტური კომუნიკაცია, სტაბილური გარემო გვაძლევს განვითარების მაქსიმალურ შესაძლებლობას.
დღეს, ქვეყნის ევროპული განვითარების კურსი ქართული საზოგადოების და ხელისუფლების ერთობლივი მიზანია. ღრმად მწამს და მჯერა, რომ მალე საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის წევრი", - წერს მინდია საბანაძე სოციალურ ქსელში.