
ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება - ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორის სამხრეთით, ქალაქ რაფაჰში სამხედრო ოპერაციები აქტიურად არ მიმდინარეობს, თუმცა ანკლავის ორ სხვა წერტილში ოპერაციები გრძელდება.
მოკავშირე ჯარისთვის შეცდომით გახსნილი ცეცხლის შედეგად, ღაზის ჩრდილოეთით 5 ჯარისკაცი დაიღუპა.
"ჰამასის" სამხედრო ფრთამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია თავდასხმა ჯაბალიაში ისრაელის ტანკზე.
ღამით, ოკუპირებულ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ისრაელის სამხედროების შეჭრის შედეგად 3 პალესტინელი დაიღუპა.
ისრაელის მთავრობაში, ომის შემდგომ გეგმებზე აზრთა სხვადასხვაობაა. თავდაცვის მინისტრმა, პრემიერ-მინისტრს მოუწოდა საჯაროდ გამორიცხოს ისრაელის მმართველობა ღაზის სექტორზე და წარმოადგინოს თავისი გეგმები, ომის შემდგომ, ანკლავში სამოქალაქო მმართველობის შესახებ.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ისრაელის თავდაცვის მინისტრთან სატელეფონო საუბრისას ქვეყანას მოუწოდა, რომ უზრუნველყონ ღაზაში უწყვეტი დახმარების მიწოდება.