27 ივლისი 2024,   03:43
ვრცლად
ხარკოვი კვლავ მოსკოვის სამიზნეა - მორიგ შეტევას მშვიდობიანი მოქალაქეები შეეწირნენ

ხარკოვი - უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი, დიდი ხანია რუსეთის თავდასხმების სამიზნეა. რუსეთმა სარაკეტო იერიში სამოქალაქო ობიექტზე მიიტანა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია რვა. პარალელურად, დაიბომბა საცხოვრებელი სახლებიც, რის შედეგადაც დაშავდა 7 ადამიანი. მათ შორის, 2 ბავშვია. ოფიციალური პირების თქმით, დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა.

მწვავე ვითარებაა ხერსონის ოლქშიც, სადაც თავდასხმებს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. სარაკეტო თავდასხმის დროს დაზიანდა პორტთან მდებარე ინფრასტრუქტურა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთი უკრაინას 37 "შაჰედის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის საჰაერო ძალებმა კი ყველას ჩამოგდება მოახერხეს.
 
პარალელურად, შეტევებს განაგრძობს უკრაინაც. უკრაინული შეიარაღებული ძალების ცნობით, 19 მაისის ღამეს, უკრაინამ რუსეთის გამნაღმველი ხომალდი "კოვროვეცი" გაანადგურა. ეს სპეციალური დანიშნულების სამხედრო გემია, რომლის მიზანი საზღვაო ნაღმების პოვნა და განადგურებაა.

რუსეთის განცხადებით, უკრაინამ ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტით, "ატაკამსით", ყირიმს დაარტყა და რუსეთის რეგიონების მიმართულებით, სულ მცირე, 60 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. შედეგად, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაზიანდა.

პარიზის ოლიმპიური თამაშების დროს, რუსეთსა და უკრაინას დროებითი ზავისკენ მოუწოდეს საფრანგეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა.

უკრაინის პრეზიდენტმა უარყო ემანუელ მაკრონის მიერ შეთავაზებული ოლიმპიური ზავის წინადადება. ზელენსკის თქმით, მოსკოვი საომარი მოქმედებების ნებისმიერ შეჩერებას თავისი სამხედრო უპირატესობისთვის გამოიყენებს.

პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოლიმპიური ზავის იდეა ჩინელ კოლეგასთან, სი ძიპინთან განიხილა. კითხვაზე, დაუჭერს თუ არა ის მხარს ამ იდეას, პუტინმა კრიტიკით უპასუხა. მან განაცხადა, რომ მოსკოვი არ შეასრულებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებებს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დროს.

დღის ამბები