საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა "ქართული ქარტია" წარადგინა.
პრეზიდენტი მემორანდუმზე ხელმოწერას ყველა ოპოზიციურ პარტიას სთავაზობს. აღნიშნული მემორანდუმი რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტს მოიცავს.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოპოზიციური ფლანგის გამარჯვების შემთხვევაში, გაუქმდება "გამჭვირვალობის შესახებ" და "ოფშორების" შესახებ კანონი. გარდა ამისა, ამნისტია შეეხება ყველა იმ ადამიანს, რომელიც მაისისა და აპრილის მოვლენების დროს, საპროტესტო აქციებზე დააკავეს.
მემორანდუმის მიხედვით, თუ ოპოზიციური ფლანგი მოიგებს, უნდა მოხდეს სასამართლო და ძალოვანი სისტემის რეფორმირება.
ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან, ერთი წლის განმავლობაში, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებაზე.
მემორანდუმთან დაკავშირებით კომენტარები გაკეთდა ოპოზიციურ ფლანგში.
პარტია "ახალის" თანათავმჯდომარის, ნიკა გვარამიას განცხადებით პროდასავლური ოპოზიციური პარტიების საერთო გეგმის კონცეფციის მომხრეა.
"ვეთანხმებით, პროდასავლური ოპოზიციის საერთო გეგმის კონცეფციას. მონიშვნითი კონსულტაციები იყო. ჩვენთვის მისაღებია, რომ პრეზიდენტის ეგიდით ხდებოდეს კოორდინაცია", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
"ლელოს" წევრის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, კონცეფციასთან დაკავშირებით ჰქონდა შინაარსობრივი შენიშვნები.
"კონსულტაციები გაიმართა. გვქონდა კომუნიკაცია სალომე ზურაბიშვილთან, თუმცა, გვქონდა კრიტიკული შენიშვნები შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებით. სამომავლო, პოლიტიკურ სტრატეგიებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს. დღეს უნდა მოვისმინოთ, სწორედ, ის ინფორმაცი, რომელიც გულისხმობს პრეზიდენტის ხედვა", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მემორანდუმთან დაკავშირებით პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებში თავად იყო ჩართული.
"ეს იქნება გამაერთიანებელი ხედვა, რომელსაც ნამდვილად სჭირდება დიდი საზოგადოებრივი კონსენსუსი. იყო კონსულტაციები პოლიტიკურ ჯგუფებთან, ვიყავი ამ პროცესში ჩართული და ვიცი, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვან გზავნილებს მოისმენთ, მათ შორის, მნიშვნელოვან გეგმას, რომელიც არის ძალიან სერიოზული, თუ როგორ უნდა ვიაროთ საქართველოსთვის არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ, რა უნდა მოხდეს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.