29 ივნისი 2024,   19:39
ვრცლად
ახალი კვლევა: შესაძლოა, ძუძუს კიბოს განმეორებით განვითარების რისკი იმაზე 3 წლით ადრე დადგინდეს, ვიდრე სკრინინგით იყო შესაძლებელი

კიბოს მსოფლიო კონფერენციაზე მეცნიერებმა წარადგინეს ახალი კვლევა, რომლის მიხედვითაც სითხის პერსონალიზებულმა ბიოფსიამ, შესაძლოა, ძუძუს კიბოს ხელახლა განვითარების რისკი "იწინასწარმეტყველოს" იმაზე 3 წლით ადრე, ვიდრე ის სკრინინგზე გამოჩნდება.

ყოველწლიურად, მთელს მსოფლიოში, ძუძუს კიბოს დიაგნოზს 2 მილიონზე მეტ ქალს უსვამენ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულებში დაავადების მკურნალობა ბევრად გაუმჯობესდა, ხშირია რეციდივის შემთხვევები. ხშირ შემთხვევაში, "დაბრუნებული" კიბო უფრო აგრესიულია და მასთან ბრძოლა კიდევ უფრო რთულია, ვიდრე დაავადების პირველ ეტაპზე.

მკვლევრებმა გააანალიზეს 78 პაციენტის სისხლი, რომელთაც ჰქონდათ ძუძუს კიბოს სხვადასხვა სახეობა. ახალმა ტესტმა სწორად დააფიქსირა რეციდივის მაღალი რისკი 11-ვე პაციენტში, რომლებმაც მართლაც განიცადეს დაავადების რეციდივი ხუთწლიანი საცდელი პერიოდის განმავლობაში. იმ პაციენტებში (60 ქალი), რომელთაც, ტესტის მიხედვით, რეციდივის რისკი არ დაუდგინდათ, დაავადების განმეორება არ დაფიქსირებულა, რაც ამ კვლევის წარმატებაზე მიუთითებს.

სითხის პერსონალიზებული ბიოფსია პაციენტებს საშუალებას მისცემს, ადრეულად დაიწყონ დაავადების პროფილაქტიკა, რაც კიბოს საბოლოოდ დამარცხების შანსს ბევრად ზრდის.

წყარო: The Guardian

დღის ამბები