29 ივნისი 2024,   14:44
ვრცლად
20-წუთიანი ქარბორბალას მძიმე შედეგები ალავერდში - დაზიანებათა სიმძიმის შეფასება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გუშინვე დაიწყო

20-წუთიანი ქარბორბალას მძიმე შედეგები კახეთში - ადგილობრივმა, გია ბასილაშვილმა ძაბრის ფორმის შავი სვეტი ახლოდან პირველად ნახა. "კურიერის" რესპონდენტი სტიქიის შედეგებს იხსენებს. ამბობს, რომ თავდაპირველად ძლიერი ხმა გაიგო, დაინახა, როგორ დაეშვა ღრუბლებიდან ქარბორბალა ჯერ მიწაზე და შემდეგ, საათის ისრის მიმართულებით, როგორ დაიწყო მოძრაობა.

ქარიშხალი და ძლიერი სტიქია ახმეტის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 06:00 საათზე დაიწყო. ქარბორბალამ ყველაზე მეტად ალავერდის ტაძარი და მიმდებარე ტერიტორია დააზიანა.

ადგილობრივი, მანანა მანთაძე ეკლესიის ფანჯრიდან ხედავდა, როგორ უახლოვდებოდა ტაძარს ქარბორბალა.

მე-11 საუკუნის ძეგლი სრულად დაზიანებულია. ტაძრის გუმბათიდან ჯვარი ჩამოვარდნილია, ეკლესიის სახურავი, სამეუფო რეზიდენციის გარე ფასადი კი დაზიანებულია.

სამონასტრო კომპლექსში დილიდან იმყოფებიან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. ადგილზე ჩავიდა კულტურის მინისტრიც. სპეციალისტების პირველი შეფასებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუის გამო, რეაბილიტაციის განხორციელება მარტივი არ იქნება, თუმცა სამონასტრო კომპლექსში დაზიანებათა სიმძიმის შეფასება რამდენიმე დღეში დასრულდება და გაირკვევა, რა ტიპის აღდგენითი სამუშაოების ჩატარება იქნება საჭირო.

ქარბორბალამ, სამონასტრო კომპლექსის გარდა, დააზიანა ახმეტის მუნიციპალიტეტში არსებული ინფრასტრუქტურა და ვენახები. მთელი ღამის გაუვალობაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, როგორც ტაძარში, ისე - მიმდებარე ტერიტორიაზე. ზარალის დათვლა უკვე დაწყებულია.

ძლიერმა სტიქიამ ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლებიც დაუზიანა. ქარბორბალამ მოგლიჯა ხეებიც, რომელიც ავტომობილს დაეცა და დაშავდა 2 ადამიანი. ახმეტის მუნიციპალიტეტში ზარალის რაოდენობა რამდენიმე დღეში გაირკვევა.

დღის ამბები