01 ივლისი 2024,   03:07
ვრცლად
სავაჭრო დახლთან დაწყებული კონფლიქტი, რომელიც მკვლელობით დასრულდა - რა მოხდა დუშეთის ბაზარში

სავაჭრო დახლთან დაწყებული კონფლიქტი, დუშეთის ბაზარში მკვლელობით დასრულდა, მოკლულია 51 წლის მამაკაცი. ბესო სინჯარაძე დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. გავრცელებული ვერსიით, სინჯარაძე, ჩხუბის დროს, დაპირისპირებულ მხარეებს აშველებდა.

მკვლელობის ადგილს სისხლის კვალი ახლაც ეტყობა. იქ სამართალდამცველები გუშინ მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ.

მკვლელობა დუშეთის ბაზარში საღამოს 7 საათზე მოხდა, დანაშაულს ბევრი მოწმე არ ჰყავს. "კურიერის" ინფორმაციით, კონფლიქტი ორ მამაკაცს შორის ყოფით ნიადაგზე დაიწყო, მალევე დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. მათ გაშველებას 10-მდე პირი ცდილობდა. ხელჩართული ჩხუბის დროს, ერთ-ერთმა ჯიბიდან დანა ამოიღო და გამშველებელს, ბესო სინჯარაძეს გულ-მკერდის არეში დაარტყა. ადგილობრივების თქმით, იმავე დანით, მსუბუქად დაიჭრა, ჩხუბში მონაწილე კიდევ ერთი პირი.

მკვლელობა უკვე გახსნილია, პოლიციამ 24 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც "კურიერის" ინფორმაციით, ათუკა უნდილაშვილია. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღიც.

"კურიერის" ინფორმაციით, ათუკა უნდილაშვილს, ბაბუამ დაურეკა და დუშეთის ბაზართან მისვლა სთხოვა. უთხრა რომ კონფლიქტი ჰქონდა ერთ-ერთ მოვაჭრესთან და დახმარება სჭირდებოდა.

ბესო სინჯარაძის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება გრძელდება, დაკავებული ამ დროისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორშია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 24 წლის ათუკა უნდილაშვილს, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები