8 საათი ისტორიულ მატჩამდე - შეხვედრის ადგილი კიოლნი, "რეინ ენერჯი სტადიონი“. ჯვაროსნები ესპანეთის ნაკრებთან შესახვედრად ემზადებიან. დღეს ევრო 2024-ის მერვედ ფინალია.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ბოლო ვარჯიში სრული შემადგენლობით, "ფელბერტის" საწვრთნელ ბაზაზე გამართა. პორტუგალიასთან სენსაციური გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ფლეი ოფში ამოცანა გართულდა.
ჯვაროსნები კონტინენტის ერთ-ერთ ფავორიტს ხვდებიან. ესპანეთის ნაკრები ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ გოლი არ გაუშვია და ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი მოიგო. თუმცა დებიუტანტმა ქართველებმა, ევრო 2024-ზე საკუთარი სიტყვა უკვე თქვეს.
ძლიერი დაცვის ხაზი, აქტიური კონტრშეტევები, ტექნიკური და არასტანდარტული ფეხბურთი - ასე გამოიყურება საქართველოს ნაკრები დღეს, რომელიც ევროპის 16 საუკეთესო გუნდს შორისაა. შეხვედრას ფრანგი არბიტრი ფრანსუა ლეტესიე გაუძღვება.