03 ივლისი 2024,   11:10
ვრცლად
საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული დებიუტი ევრო 2024-ზე, მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია - "ჯვაროსნების" წარმატებულ გამოსვლაზე მსოფლიოს წამყვანი გამოცემები წერენ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული დებიუტი ევრო 2024-ზე მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. საქართველოს წარმატებულ გამოსვლაზე წერენ მსოფლიოს წამყვანი გამოცემები.

"ზღაპრული გამოსვლა, რომელმაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა" - წერს BBC. "გვეამაყება საქართველოს ნაკრების ისტორიული დებიუტი ევრო 2024-ზე" - აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

ჩვენს ნაკრებს წარმატება უსურვეს აშშ-ის საელჩომ და გერმანიის ელჩმა. ქართველ ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადეს საქართველოს პირველმა პირებმაც. "ისტორია დაიწერა" - ამბობს პრემიერი, რომელიც მატჩს კიოლნში დაესწრო. გერმანიაში იყო საქართველოს ათასობით ქომაგიც, რომელიც საკუთარი ქვეყნის ნაკრებს კიოლნის სტადიონის ტრიბუნებიდან გულშემატკივრობდა.

ზღაპარი ამით არ დასრულებულა, მისი ბოლო რომ კეთილია, ეს მოედანზე მყოფმა ჯვაროსნებმა და ტრიბუნაზე მე-12 მოთამაშემაც ძალიან კარგად იცის. რეალობა ხომ ერთია - აუხდენელი ოცნება უკვე ახდა და ხელშესახებია. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ჩვენი გუნდი კონტინენტის პირველობისთვის ბრძოლაში მერვედ ფინალამდე მივიდა და თან ისე, რომ ეროვნული ნაკრების ამ ფორმაში შემოსილი დიდი თუ პატარა, ნაცნობი თუ უცნობი, მისი თუ სხვა შორეული ქვეყნიდან ჩამოსული ყველა ადამიანი ამაყი დატოვა.

მთელი ქვეყანა 90 წუთის განმავლობაში სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს ჯვაროსნების თავდაუზოგავ ბრძოლას მოედანზე, თავგანწირვას, რომელსაც ქვეყნისთვის კიდევ უფრო დიდი წარმატების მოტანა სურდა, წარმატების, რომელიც ისტორიული უკვე გახდა და მთელი ერი გააერთიანა.

ჩვენმა ბიჭებმა რომ ყველაფერი შეძლეს, ამას არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო აღიარებს. დებიუტანტების სტატუსით მოედანზე გასულებმა, საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს, ევროპის საფეხბურთო ისტორიაში საკუთარი სახელები ოქროს ასოებით ჩაწერეს. ერი ამ სენსაციამ ერთ მუშტად შეკრა, ყველამ დაიჯერა, რომ სასწაულები ხდება.

გზა სტადიონამდე ხმაურიანი იყო. საქართველოს გაუმარჯოს - ეს იყო ყველა გულანთებული გულშემატკივრის მთავარი სიტყვა, რომელიც გერმანიაში ევრო 2024-ის მერვედფინალის მასპინძელ ქალაქში დატოვეს.

პირველად 30 წლის შემდეგ, საქართველომ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ამ დიდი გამარჯვების შემდეგ ჯვაროსნებმა გულშემატკივრების მთელი არმია შეიძინეს. წაგების მიუხედავად, ჩვენ გამარჯვებულები ვართ! ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთხელ მადლობას უხდიან ქვეყნის პირველი პირები.

ქართველი ფეხბურთელებით ამაყობს მთელი მსოფლიო. "გვეამაყება საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული დებიუტი EURO 2024-ზე!" - წერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.

"თქვენ მოუტანეთ სიხარული და ღირსება საქართველოს და დაიპყარით მილიონობით გულშემატკივართა გულები მთელ მსოფლიოში. გმადლობთ შესანიშნავი ასპარეზისთვის."

ეროვნულ ნაკრებს მადლობას უხდის საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოც: "რა ამაღელვებელი თამაში და ისტორიული გზაა. გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას მომავალში" - ნათქვამია დიპლომატიური უწყების პოსტში.

ქართველ ფეხბურთელებს პატივისცემას უდასტურებს საქართველოში გერმანიის ელჩიც "მოუთმენლად ველოდები თქვენს ნახვას შემდეგ დიდ ტურნირზე, თავები მაღლა!"

თავაწეული დატოვა ყველა ქართველმა გერმანული არენა, რომელიც მორიგი ისტორიული დაპირისპირების მასპინძელი იყო, დატოვა, თუმცა დებიუტის მსგავსად დამაჯერებელი სიტყვებით - "ჩვენ დავბრუნდებით!"

დღის ამბები