23 დეკემბერი 2024,   14:47
ვრცლად
ისრაელი ფართომასშტაბიანი ომისთვის ემზადება - უკვე ცნობილია, რომ თეირანი ისრაელის წინააღმდეგ შეტევას მოკავშირეებთან ერთად განახორციელებს

ისრაელი ფართომასშტაბიანი ომისთვის ემზადება. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელზე მოსალოდნელი აგრესიის მოტივი გაახმოვანა. უკვე ცნობილია, რომ თეირანი ისრაელის წინააღმდეგ შეტევას მოკავშირეებთან ერთად განახორციელებს. ოფიციალური თეირანის განცხადებით, ქვეყანა საერთაშორისო სამართლის პირობებით გარანტირებული უფლების რეალიზებისკენ ისწრაფვის.

ახლა ისრაელის პრემიერი "მოსადისგან" ცნობას ელოდება. თუ დაზვერვა ისრაელზე თავდასხმის მზადებას დაადასტურებს, ისრაელი ცეცხლს წინმსწრებად გახსნის. ამისთვის, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი ყველა უწყება საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში მოიყვანა.

რეგიონში სიტუაციის ესკალაციის პარალელურად, საგანგებო ზომები მიიღო პენტაგონმა. ისრაელისა და შეერთებული შტატების სამხედროებს ხმელთაშუა ზღვის აკვატორიიდან ავიამზიდი "აბრაამ ლინკოლნი" 7500 კაციანი შემადგენლობით უზრუნველყოფს.

ვიდრე ისრაელის მთავრობა მოკავშირეებთან ერთად ქვეყნის გარეთ განსახორციელებელი ოპერაციის შესახებ მსჯელობს, რთულია ვითარება ისრაელის ტერიტორიაზეც. გუშინ ქალაქ ჰოლონში ტერორისტულ აქტს ორი ადამიანი ემსხვერპლა, ამის გამო ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრი მოქალაქეებს იარაღის ტარებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ომმა ქუჩებში გადმოინაცვლა.

ომისთვის მზადებაა ლიბანის ტერიტორიაზეც, სადაც ქვეყანაში ერთადერთი მოქმედი აეროპორტი ქვეყნის დატოვების მსურველების რაოდენობის გამო კოლაფსის ზღვარზეა. უცხო ქვეყნის მოქალაქეები საელჩოების მოწოდების შემდეგ ევაკუაციას სასწრაფო წესით ცდილობენ.

ევაკუაციის პარალელურად, ბეირუთის აეროპორტში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მედიკამენტებითა და სამედიცინო ინვენტარით დატვირთული ბორტი დასვა. ეს ომის წინ ქვეყანაში კრიტიკული ჰუმანიტარული მარაგის შევსების აუცილებლობითაა განპირობებული.

მხარეებმა ერთმანეთს ცეცხლი უკვე გაუხსნეს. კვირას ირანის მოკავშირე ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰეზბოლამ", ლიბანიდან ისრაელის ჩრდილოეთის მიმართულებით ქალაქ ბეით-გილელზე სარაკეტო იერიშების სერია განახორციელა. რკინის გუმბათმა დარტყმა წარმატებით მოიგერია.

კვირას დილით ისრაელის თავდაცვამ, საპასუხო დარტყმის ამსახველი ვიდეო გაავრცელა. "ცახალმა" ჰეზბოლას საცეცხლე პოზიციებს დაარტყა. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოების მიზეზი ტერორისტული დაჯგუფება "ჰეზბოლას" მიერ ისრაელის კონტროლირებად ქალაქ მაჟდალ შამზე განხორციელებული თავდასხმა გახდა, რომელსაც ისრაელმა ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერის და ისრაელის მოწინააღმდეგე რამდენიმე ტერორისტის ლიკვიდაციით უპასუხა.

თეირანში ჩასული "ჰამასის" ლიდერი საკუთარ რეზიდენციაში აფეთქდა. ირანმა მომხდარში ისრაელთან ერთად შეერთებული შტატები დაადანაშაულა და მოკავშირეებს შურისძიებისკენ მოუწოდა.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

 

 

 

დღის ამბები