თოვლი დნება, საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ამინდის მკვეთრი გაუარესება მოსალოდნელი აღარ არის. სტიქიის ზონებში კი ზარალის დათვლა იწყება. გია ჟღენტი ერთ-ერთია იმ ოჯახებს შორის, რომელსაც დიდთოვლობამ სახლი სრულად დაუნგრია და საცხოვრებლის გარეშე დატოვა. ოჯახი სტიქიის ზონიდან უკვე გაყვანილია და დროებითი საცხოვრებლითაც დაკმაყოფილებულია. დაზარალებულ ოჯახებს მთავრობა დაეხმარება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან პირადად მოისმინეს.
სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა დღეს მიიღო. დიდთოვლობის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა უახლოეს პერიოდში დაიწყება. მოქალაქეები, რომელთა საცხოვრებლებიც შეკეთებას არ ექვემდებარება, ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილდებიან.
გურიის სამივე მუნიციპალიტეტში სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ცენტრალური გზების 99 პროცენტი უკვე გაწმენდილია. გარე სამყაროს მოწყვეტილი რჩება ორი სოფელი. ადგილზე სპეცტექნიკა მუშაობს. რეგიონის მასშტაბით, ელექტროენერგია არ მიეწოდება 50 აბონენტს. ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი 61 ოჯახი.
მეცხრე დღეა, დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან იმერეთის რეგიონშიც. თავდაცვის ძალებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში, ჩარჩენილი მესამე პირიც იპოვეს. ოლეგ ქოჩაძის სამძებრო სამუშაოები ოთხი დღის განმავლობაში დრონებით მიმდინარეობდა. მწყემსს, რომელსაც ხეობაში საქონელი ჰყავდა, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, რამდენი დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ.
სპეციალური ტექნიკა და ცოცხალი ძალა იმერეთში საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ამ დრომდე, გარე სამყაროს მოწყვეტილი რჩება ექვსი სოფელი. ადგილობრივ მოსახლეობას საჭირო პროდუქტებსა და მედიკამენტებს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და სამაშველო ბრიგადები აწვდიან. იმერეთმა ორმოც ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი მიიღო, რომელიც ექვს მუნიციპალიტეტში გადანაწილდა.
სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება აჭარაშიც. ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში შიდა სასოფლო გზები იწმინდება. ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელ გზებზე კი სამუშაოები უკვე დასრულებულია.
სამდღიანი პაუზის შემდეგ, ხვალიდან, 2 000-მდე სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდება. უხვი ნალექის გამო, საქართველოს მასშტაბით შეჩერებული იყო, როგორც საგანმანათლებლო, ასევე, სააღმზრდელო პროცესი. ათზე მეტ სკოლაში, გარკვეული პერიოდით, სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
სტიქიის ზონაში ყველა ლოკაციაზე სპეციალური საკოორდინაციო შტაბი მუშაობას განაგრძობს. სინოპტიკოსები მომდევნო დღეების განმავლობაში ამინდის გაუარესებას არ პროგნოზირებენ.