"ლაშა, გილოცავ, ლეგენდა ხარ" - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ, სამგზის ოლიმპურ ჩემპიონს, ლაშა ტალახაძეს მორიგი ოქროს მედლის მოგება ამ სიტყვებით მიულოცეს. კობახიძე და კალაძე მას ვიდეო ზარით ესაუბრნენ.
გარდა ტალახაძისა, კახა კალაძემ და ირაკლი კობახიძემ, ოქროს მედლის მოპოვება, ასევე პირადად მიულოცეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეს, გენო პეტრიაშვილსაც.
2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, გუშინ, საქართველოს ჰიმნი ორჯერ აჟღერდა. ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, 23 წლის ირანელი სპორტსმენი ამირ ჰოსეინ ზარე დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ხოლო სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 470 კილოგრამი დააფიქსირა და ოქროს მედალი აიღო.