ვინ არის მეფე მძიმე წონაში - მათ ლეგენდარული თურქი მოჭიდავე ტაჰა აქგული დიდი სპორტიდან პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლით გააცილეს, რის შემდეგაც, პირველობისთვის, პრინციპული დუელი დაიწყო...
გენო პეტრიაშვილი ირანელი ამირ ჰოსეინ ზარეს წინააღმდეგ - ამ შეხვედრას წინ უძღოდა ურთიერთაპირისპირებები სხვადასხვა ტურნირზე და სხვადასხვა შედეგი. პირადი კონკურენციის გარდა, იყო კიდევ ერთი გარემოება, რომელიც სპორტის ამ სახეობისა და პირადად გენო პეტრიაშვილის გულშემატკივარს კარგად ახსოვს - წინა ოლიმპიური თამაშების ფინალი და მარცხი ბოლო წამებზე, რომლის კომპენსაციისთვის ქართველი ათლეტი 4 წლის განმავლობაში ემზადებოდა.
ამირ ზარესთან დაპირისპირება ფრთხილად დაიწყო. იყო გაშვებული ქულა, შემდეგ - ეფექტური კონტრშეტევა და დაწინაურება. ამას პეტრიაშვილის კიდევ ერთი კარგი შეტევა, ერთმანეთის მიყოლებით აღებული ქულები და გამარჯვების ზეიმი მოჰყვა, რაც აღმოჩნდა, რომ ჯერ ნაადრევი იყო. მსაჯებმა ბოლო ორი ქულა მოხსნეს და 10-ით ერთზე დრამა ხელახლა დაიწყო. ირანელმა მოჭიდავემ შანსები გამოიყენა და გააქტიურდა. შეხვედრის მიწურულს ანგარიში 10-9 იყო. სწორედ ამ დასკვნით ფაზაში, პეტრიაშვილმა კონტროლის შენარჩუნება შეძლო და საქმე ბოლომდე მიიყვანა. გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ქართველმა მოჭიდავემ, ჟესტით, ამირ ზარეს უთხრა, რომ დივიზიონის მეფე სწორედ ის არის.
რამდენიმე წუთის შემდეგ, გენო პეტრიაშვილმა კვარცხლბეკზე ჩემპიონისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა. მიიღო მედალი, რის შემდეგაც აღიმართა დროშა და პარიზის ოლიმპიადაზე მეორედ გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი. ეს ამაღელვებელი სანახაობა კიდევ უფრო ემოციური გახადა კვარცხლბეკზე მდგარი კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენის რეაქციამ, რომელმაც ბრინჯაოს მედალი აზერბაიჯანის სახელით მოიპოვა. გიორგი მეშვილდიშვილი საქართველოს ჰიმნს გულზე ხელის დადებით შეხვდა.
ჭიდაობის შემდეგ, მორიგი ტრიუმფის ჯერი დადგა, რომელსაც მთელი ქვეყანა განსაკუთრებული თავდაჯერებით ელოდებოდა. მესამე ოლიმპიური თამაშები და მესამე ოქროს მედლის მოლოდინი - საქმეში ლაშა ტალახაძე ჩაერთო. ერთადერთი, რამაც მისი ასპარეზობის განმავლობაში გაოცება გამოიწვია, ის იყო, რომ ტალახაძემ ერთ-ერთი ცდის დროს მოძრაობის დასრულება ვერ შეძლო და შტანგა დააგდო. ეს მის კარიერაში პირველი და ერთადერთი გაფუჭებული ცდა იყო. ამან უახლოეს მდევრებს, სომეხ ძალოსნებს იმედები გაუჩინა, რომ შანსი ქონდათ, თუმცა - უშედეგოდ. საბოლოოდ, ტალახაძემ ატაცისა და აკვრის, ჯამში, საუკეთესო შედეგი აჩვენა და საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც 3 ოლიმპიადის მოგება შეძლო.
3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით, საქართველოს ოლიმპიური ნაკრები მიმდინარე თამაშების რეიტინგში, დღეისთვის, 24-ე ადგილს იკავებს. ამ უკვე წარმატებული შედეგის გაუმჯობესების შანსი დღესვე გვექნება - 97 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ფინალის საჭიდაოდ გივი მაჭარაშვილი ემზადება.