18 აგვისტო 2026,   09:30
ვრცლად
"უფროსებს გაეღვიძათ ცეცხლი რომ იყო, დაუძახეს პატარებს, მაგრამ ვერ აიყვანეს..." - ზუგდიდში მომხდარ ხანძარს ტყუპი ძმები ემსხვერპლნენ

ზუგდიდში, ხანძრის შედეგად დაღუპული მცირეწლოვნების მეზობლები "კურიერთან" მომხდარის დეტალებს ჰყვებიან. მათი ინფორმაციით, გადაუხდელობის გამო, ოჯახს დენი არ მიეწოდებოდა და ხანძარი, სავარაუდოდ, სანთლიდან გაჩნდა. შემთხვევის დროს, სახლში 4 ბავშვი მარტო იმყოფებოდა. 

ერთ-ერთი მეზობელი: "ამათ კომპანიამ გადაუკეტა დენი, შეტანილი რომ არ ჰქონდათ ფული, იმიტომ. ეტყობა, სანთელი აანთეს, თუ ასანთით ითამაშეს, არ იციან. შესასვლელში ხალიჩა იყო დაგებული, ლინოლეუმი და მოეკიდა უცებ. უფრო შუა ადგილას იყო ის ცეცხლი გაჩენილი. ეს ორი ბავშვი გამოვიყვანეთ და იმ ორს ვერავინ ვერ უშველა, მახრჩობელა იყო ის ჰაერი."

ერთ-ერთი მეზობელი: "ოთხივეს დაეძინა თურმე. ის უფროსები ფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. ალბათ, გაეღვიძათ ცეცხლი რომ იყო, დაუძახეს პატარებს, მაგრამ ვერ აიყვანეს. ჩვენც დავიწვებითო, უცებ გამოცვივდნენ ის უფროსები და ესენი დარჩნენ... გუშინ, საღამოს მარტო ყოფილან, დედას უთქვამს, პურზე გავალ და მოვიტანო."

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე ხანძარს ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. 6 წლის ტყუპი ძმები 9-სართულიანი კორპუსის მე-6 სართულზე, ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპნენ. ხანძარს გადაურჩა კიდევ 2 ბავშვი - მე-5 და მე-6 კლასელი და-ძმა, რომელიც, მსუბუქი ინტოქსიკაციით, კლინიკაში გადაიყვანეს. 

 



დღის ამბები