05 ოქტომბერი 2024,   11:25
ვრცლად
ერთი წერილის ორი ვერსია - მიზანმიმართული ქმედება თუ დაუდევრობა? - რატომ გაავრცელა "დინამო არენას" ადმინისტრაციამ წერილი მთავარი ინფორმაციის გარეშე

ერთი წერილის ორი ვერსია - მიზანმიმართული ქმედება თუ დაუდევრობა? - რატომ გაავრცელა "დინამო არენას" ადმინისტრაციამ წერილი მთავარი ინფორმაციის გარეშე. ფედერაცია "დინამოს" ადმინისტრაციას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ამხელს. საჯაროა ჩასწორებული დოკუმენტი, რომელიც ფედერაციამ "დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციისგან მიიღო. წერილში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი იარუსი დეტალურ შემოწმებას საჭიროებს და საქართველო-ჩეხეთის მატჩის გამართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაც, სწორედ ამ პასუხიდან გამომდინარე მიიღეს. თუმცა იქამდე, გავრცელდა 6 აგვისტოთი დათარიღებული დოკუმენტის ის ვერსიაც, სადაც იარუსის შემოწმების საჭიროება ნახსენები არ იყო.

ლევან კობიაშვილი მედიაში გავრცელებულ იმ წერილზე საუბრობს, რომელიც "დინამო არენას" ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მედიით გავრცელდა. ფეხბურთის ფედერაცის პრეზიდენტი ამბობს, რომ "დინამო არენის" ადმინისტრაციამ წერილის ორი სხვადასხვა ვარიანტი გაასაჯაროვა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაც მიზანმიმართულად სცადა. კობიაშვილი დღეს ჟურნალისტებთან ამბობს, რომ გადაწყვეტილება მატჩის მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე გამართვასთან დაკავშირებით "დინამოს" ადმინისტრაციის ოფიციალური წერილიდან გამომდინარე მიიღეს, რომლის მიხედვით "დინამოს" ერთი ნაწილის აუცილებელ შემოწმებას საჭიროებს, რის გამოც მაყურებლის განთავსება პირველ იარუსზე ვერ მოხერხდება.

ლევან კობიაშვილის განცხადების შემდეგ, დინამო არენამ წერილობითი განმარტება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ფეხბურთის ფედერაციას დინამოს ადმინისტრაციამ, სტადიონის მდგომარეობის შესახებ, ორი ოფიციალური დოკუმენტი გაუგზავნა.

წერილები, რომელზეც "დინამოს" ადმინისტრაცია საუბრობს ერთი და იგივე ნომრით, ერთსა და იმავე დღეს გაიგზავნა. საინტერესოა ისიც, რომ, დღევანდელ განმარტების თანახმად, 2015 წლის გენერალური რესტავრაციის შემდეგ, სტადიონის მდგრადობა არ შეცვლილა, რაც ეწინაარმდეგება ადმინისტრაციის მიერვე გავრცეკლებულ განცხადებას სტადიონის მდგრადობის შემოწმების აუცილებლობაზე. ამ დეტალებზე წერილის ადრესატმა - ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ისაუბრა. დავით მუჯირის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისას, ფედერაცია "დინამო არენის" ოფიციალურ წერილს დაეყრდნო. დავით მუჯირი აცხადებს იმასაც, რომ მატჩის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ საფეხბურთო მოედანზე არჩატარების მიზეზი, მაყურებლის უსაფრთხოების გარდა, ის მაღალი სტანდარტია, რომელსაც "უეფა" ასეთი დონის მატჩების ჩატარების დროს მოითხოვს.

ფეხბურთის ფედერაცია "დინამო არენას" ხელმძღვანელობას პრობლემის დროული მოგვარებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ეროვნული ნაკრების მატჩებზე მაყურებლის რაოდენობა ფედერაციისთვის პრიორიტეტულია.

დღის ამბები