04 ოქტომბერი 2024,   22:04
ვრცლად
მარტვილში, 60 წლის მამაკაცი მეზობელმა მოკლა - რა უძღოდა წინ მომხდარს და რას ჰყვებიან სოფელში, სადაც მკვლელობა მოხდა

სოფელ აბედათში, გასროლის ხმა დილის 6 საათზე გაიგეს. მკვლელობის ადგილას მისულ ადგილობრივებს, მძიმე სურათი დახვდათ. 60 წლის ჯამბულ კიტარია, ყელის არეში მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობით, უკვე გარდაცვლილი იყო.

ირკვევა, რომ 60 წლის კაცი გამთენიისას საკუთარ ეზოში იჯდა. მოულოდნელად მასთან, სანადირო თოფით შეიარაღებული მეზობელი მივიდა და კინტარიას დამიზნებით ესროლა. გასროლის დროს, სახლში მოკლულის მეუღლე და შვილიც იმყოფებოდა.

სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ უკვე დააკავა. "კურიერის" ინფორმაციით, ის 40 წლის მალხაზ კვიტატიანია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვერსიით, მკვლელობის მოტივი ურთიერთშელაპარაკებაა.

სოფელში, სადაც მკვლელობა მოხდა, დანაშაულის კონკრეტულ მოტივზე ღიად საუბრობენ. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ მალხაზ კვიტატიანმა, ჯამბულ კინტარიას, გუშინ თხილის მოგროვებაში დახმარება სთხოვა. კინტარიამ მოუცლელობის გამო, მას უარი უთხრა. ამის შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცი განაწყენდა და შურისძიება გადაწყვიტა. სახლიდან სანადირო თოფი გამოიტანა და მეზობელი ერთი გასროლით მოკლა. აბედათში ამბობენ, რომ დაკავებულ კვიტატიანს ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონდა.

განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მალხაზ კვიტატიანს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები