13 სექტემბერი 2024,   22:03
ვრცლად
მედლების საუკეთესო შედეგი საქართველოს ისტორიაში - ქართველი ოლიმპიელები დაპირებულ პრემიებს და ქვეყნის უმაღლესს ჯილდოებს მიიღებენ

დღეს ცნობილი გახდა, რომ პარიზის ოლიმპიადის პრიზიორების მსგავსად, სახელმწიფოსგან ღირსების ორდენს, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონები, გურამ თუშიშვილი და ვაჟა მარგველაშვილიც მიიღებენ.

სიახლეა ისიც, რომ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადაეცემათ ოლიმპიურ თამაშებში მოპოვებული სამივე სინჯის მედლის მფლობელ სპორტსმენებსაც. დღეს, ორდენზე ნინო სალუქვაძე და ლაშა შავდათუაშვილი წარადგინეს.

ღირსების ორდენები ოლიმპიური ჩემპიონებისა და პრიზიორების მწვრთნელებსაც გადაეცემათ. იმათ, ვინც სპორტსმენების წარმატებაში ყველაზე დიდ როლს ასრულებენ. ასეთი სულ 16 მწვრთნელი შეირჩა.

ინიციატივა სახელმწიფო ჯილდოების მიმღები სპორტსმენებისა თუ მწვრთნელების რაოდენობის გაზრდა პრემიერ მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნით. გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ, დღეს, მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გააჟღერა. ორდენით სულ 27 პირი ჯილდოვდება. განკარგულება უკვე დამტკიცდა.

საზაფხულო თამაშებში ქვეყნის ანგარიშზე, სამი ოქროს, სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. სპორტსმენებს ფულადი ჯილდოებიც გადაეცემათ. მილიონი, ნახევარი მილიონი და 250 000 ლარი. მწვრთნელები, ექიმები და ადმინისტრაციული ჯგუფის წევრები კი, გაზრდილ პრემიებს მიიღებენ.

მადლობა ოლიმპიელებს დღეს ამ ფორმითაც გადაუხადეს - ქვეყნის მასშტაბით არაერთ ლოკაციაზე ოლიმპიელების ბილბორდები გამოჩნდა. სარეკლამო ბანერებზე ოლიმპიური მედლის მფლობელების ფოტოებია წარწერით - მადლობა.

დღის ამბები