ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, რომლებიც საქართველო-ჩეხეთის თამაშზე, მიხეილ მესხის სტადიონზე დასწრებას ვერ ახერხებენ, რესპუბლიკის მოედანზე სპეციალურად მოწყობილი სივრცე დახვდებათ, სადაც დიდ ეკრანზე მატჩის ტრანსლაცია გაიმართება. ადგილზე მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
"თბილისის მერიის და ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დღეს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, მატჩის ღია ჩვენება გაიმართება. ნამდვილად სასიამოვნო ტრადიციაა უკვე და დღესაც უამრავ ქომაგს ველოდებით აქ. 2 საათით ადრე გაიხსნება სხვადასხვა აქტივობები - აქ მოსულ ადამიანებს დახვდებათ ყველა ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილი სხვადასხვა თემატური ატრაქციონები. ასევე, იქნება Food ზონა, სასმელების სივრცე, იქნება განთავსებული "ფან შოპი", ხოლო მატჩის დაწყების წუთიდან, რა თქმა უნდა, იქნება ტრანსლაცია დიდ ეკრანზე. ველოდებით ყველას, რომ ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს," - აცხადებს თბილისის მერიის ღონისძიების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნინუცა ბუცხრიკიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-ჩეხეთის მატჩი დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად "ერთა ლიგის" ფარგლებში იბრძოლებს.
ავტორი: ლუკა ჩანგელია