19 სექტემბერი 2024,   17:58
ვრცლად
კეზერაშვილის გარემოცვა თაღლითური ქოლცენტრების ფლობასა და ფულის გათეთრებაში ოფიციალურად მხილებულია - "კურიერმა" ქოლცენტრის ერთ-ერთი თანამშრომლის ჩვენება მოიპოვა

პროკურატურამ, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დავით კეზერაშვილის ბიძაშვილს და ბიზნესპარტნიორს, ტრანსნაციონალური თაღლითობისა და ფულის გათეთრებისთვის ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. ელდარ ბინიაშვილი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ახლო ნათესავია, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, პირადად კურირებდა კომპანია "მორგან ლიმიტედის" საფარქვეშ მოქმედ თაღლითურ დაწესებულებას. კეზერაშვილთან მრავალწლიანი ბიზნესპარტნიორობა აკავშირებს დავით თოდუასაც, რომელიც თბილისში მოქმედი ქოლცენტრების არაოფიციალურ მეწილეებს შორის ასახელებს.

დავით კეზერაშვილის უახლოესი გარემოცვის ორ წევრზე, პროკურატურა ძებნას გამოაცხადებს, მანამდე კი ამავე საქმეზე ხელბორკილები სამ პირს უკვე დაადეს. პროკურატურაში დღეს დეტალურად განმარტეს, თუ რა სქემით მოქმედებდა საერთაშორისო დანაშაულებრივი დაჯგუფება.

სამი დაკავებულიდან დანაშაულს არცერთი არ აღიარებს. მათ შორის, არც ძმები - სოსო და ნუგზარ გადელიები, რომელთაგან ერთი 6 სექტემბერს დააკავეს, მეორეს კი ბრალი დღეს წარედგინა.

"კურიერმა" 20 ტომიანი საქმიდან რამდენიმე მტკიცებულება მოიპოვა. მათ შორის ქოლცენტრის ერთ-ერთი თანამშრომლის ჩვენება. ახალგაზრდა მამაკაცი ჰყვება, თუ როგორ სძალავდნენ დიდი ოდენობით თანხებს ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეებს. თაღლითური დაწესებულების ოპერატორი ჩვენებაში მძიმე ფსიქოლოგიურ პრობლემებზე საუბრობს და დანაშაულსაც აღიარებს.

ბოლო წლებში, პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობაში ჩართული 94 ფიზიკური და შვიდი იურიდიული პირი. დაზარალებულად ცნობილია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ასეულობით მოქალაქე, რომელთა ზიანის საერთო ოდენობა 30 მილიონ ლარს აღემატება.

დღის ამბები