16 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
რატომ არ ტარდება ეროვნული ნაკრების საფეხბურთო მატჩები "დინამო არენაზე" - ირაკლი კობახიძე თემასთან დაკავშირებულ სპეკულაციებზე საუბრობს

რატომ არ ტარდება ეროვნული ნაკრების საფეხბურთო მატჩები "დინამო არენაზე" - "შაბათის კურიერში" თემასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, იყო გარკვეული შენიშვნები სტადიონის მდგრადობასთან დაკავშირებით, თუმცა თავად "დინამო არენას" ხელმძღვანელობა ექსპერტიზის დასკვნას არ ასაჯაროებს, რაც სახელმწიფოს შესაძლებლობას არ აძლევს, სტადიონის რეაბილიტაციაზე იზრუნოს.

"რაღაც სპეკულაციები იყო. თან, ამ ყველაფერს, რატომღაც, ახალი სტადიონის მშენებლობას უკავშირებენ, რაც სრული აბსურდია. როდესაც ჩვენ ახალ სტადიონზე ვსაუბრობთ, ახალი სტადიონის მშენებლობა დასრულდება 2028 წელს, იქამდე 4 წელია. ამ 4 წლის განმავლობაში, რა ინტერესი უნდა ჰქონდეს ვინმეს, რომ პატარა სტადიონზე ჩაატაროს თამაშები?! ცხადია, 4 წელი ვერ დაველოდებით ახალი სტადიონის მშენებლობას, მანამდე "დინამოს" სტადიონზე უნდა ჩატარდეს თამაშები.

თუმცა, აქ იყო ასეთი ვითარება - როგორც ვიცი, თავად დინამოს მხრიდან გაიგზავნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მოთხოვნა დასკვნის წარდგენაზე, მდგრადობასთან დაკავშირებით. რა ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს (და ფედერაციასთანაც გვქონდა კონსულტაციები), არის გარკვეული პრობლემები, სერიოზული შენიშვნები მდგრადობასთან დაკავშირებით. თუმცა, დეტალური ინფორმაცია ამაზე ჩვენ არ გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ სტადიონი კერძოა და ერთადერთი, ვისაც შეუძლია გაასაჯაროოს ეს დასკვნა, არის სწორედ ეს კერძო მხარე.

ჩვენ ვართ ახლა გაურკვევლობაში. გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ არის პრობლემები, ისიც კი არ ვიცით, ზუსტად რა პრობლემებია. ჩვენ რომ ეს ვიცოდეთ, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ შევუდგებოდით რეაბილიტაციაზე ზრუნვას, რადგან, ვიმეორებ, 4 წლის განმავლობაში, არანაირი სურვილი არ არსებობს, რომ პატარა სტადიონზე ჩატარდეს თამაშები, მითუმეტეს, ამხელა ინტერესის ფონზე. გვირჩევნია, რომ იყოს 50 00-ზე მეტი მაყურებელი, ვიდრე, დაახლოებით, 20 000 მაყურებელი, რასაც იტევს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.

დაველოდებით, იმედია, მაღალი პასუხისმგებლობა გამოვლინდება, იმედია, გვაჩვენებენ, თუ რა ხდება, რეალურად, ამ სტადიონზე, რაც მოგვცემს ჩვენ, მათ შორის, ჩვენი მხარდაჭერით, რეაბილიტაციაზე ზრუნვის საშუალებას და იმედია, ამ სპეკულაციებს წერტილი დაესმება," - აცხადებს პრემიერი ლაშა დვალიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://rustavi2.ge/ka/video/81696?v=2

დღის ამბები